თბილისის სპორტის
სასახლე დღეს სეზონის ბოლო საკალათბურთო ღონისძიებას – სუპერთასს მასპინძლობს. ერთმანეთს
სუპერლიგის ჩემპიონი ,,დინამო’’ და საქართველოს თასის გამარჯვებული ,,ქუთაისი’’ შეხვდებიან.
თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): სეზონის ბოლო
თამაშია და გვინდა ლამაზად და მშვიდად ჩავატაროთ ეს შეხვედრა. მთავარია მაყურებელს
სწორი და კარგი კალათბურთი ვანახოთ. ჩემპიონატში
ჩვენი შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პირობების და სიტუაციიდან გამომდინარე,
რომელშიც ვიყავით წელს. იმედია, გუნდში სიტუაცია
წინ წავა და ყველაფერი გაუმჯობესდება.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ქალბატონი მედეას მიმართ, არაჩვეულებრივი ქალბატონია
და ძალიან ვაფასებ არა მარტო იმიტომ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქალი კალათბურთელი იყო,
არამედ მისი სწორი მიდგომის გამო საქმის მიმართ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ,,ქუთაისის’’
გუნდს ფინალური სერიისთვის, ღირსეული თამაშისა და დახვედრისთვის, ვფიქრობ, ქუთაისმა
2 ძალიან კარგ საკალთბურთო დღეს უმასპინძლა, ყველაფერი ღირსეულად და მაღალ დონეზე ჩატარდა.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, რთული იქნება, თუმცა ჩემს საქმეს ბოლომდე ვემსახურები,
არ მაქვს უფლება დაწყებული საქმე ბოლომდე არ მივიყვანო, რა და როგორ იქნება, ამას თამაში
გვაჩვენებს. ჩემი ბიჭები პროფესიონალები არიან და იციან, რომ დღევანდელი მატჩი ღირსეულად
უნდა ჩაატარონ.