სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის პირველი
მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “ბათუმი” და “შსს-აკადემია” ხვდებოდნენ,
მაყურებელთა არაკორექტული საქციელის გამო ჩაიშალა. ბათუმში გამართულ მატჩზე მისულმა
გულშემატკივრებმა პიტარდები აანთეს, რის შედეგადაც დარბაზი კვამლით გაივსო და მატჩის
გამართვა შეუძლებელი გახდა.
გთავაზობთ აღნიშნული მატჩის მთავარი მსაჯის, მაკა კუპატაძისა
და კომისრის, მერაბ რატიშვილის ანგარიშს, რომელიც მათ შეხვედრის ოფიციალურ ოქმში ჩაწერეს:
“მატჩის მე-3 პერიოდის დამთავრებამდე 5:37 წუთით ადრე ტრიბუნაზე გულშემატკივართა
ჯგუფის მიერ გაშვებულ იქნა მბოლავი ჩირაღდნები, რის გამოც სათამაშო დარბაზის მთელ ტერიტორიაზე
ჩამოწვა ბოლი და შეუძლებელი გახდა თამაშის გაგრძელება.
თამაში შეწყდა 18 საათსა და 03 წუთზე. ერთი საათის შემდეგ, 19 საათსა და
03 წუთზე, დარბაზში ჩამოწოლილი ბოლის გამო თამაშის გაგრძელება კვლავ შეუძლებელი იყო.
თამაში შეწყდა ანგარიშზე 52:41 შსს-ს სასარგებლოდ”.
მთავარი მსაჯი: მაკა კუპატაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი
აღნიშნული ოქმისა და სუპერლიგის დებულების საფუძველზე
სუპერლიგის ხელმძღვანელობამ იმსჯელა ს/კ ბათუმთან ერთად და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
ვინაიდან ბათუმის
გუნდი ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს შსს აკადემიის ხელმეორედ მასპინძლობას და შეხვედრის
გაგრძელებას იმ მომენტიდან, რა დროსაც თამაში
შეწყდა, ბათუმის გუნდს ჩაეთვალოს ტექნიკური წაგება და ჩამოერთვას წაგებისთვის
განკუთვნილი ქულები.
ბათუმის დარბაზში მომხდარ გულშემატკივართა არაკორექტულ
საქციელზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი და სუპერლიგის ხელმძღვანელობა
იმსჯელებენ და შესაბამის სანქციას გამოიტანენ.
ფოტო: შსს აკადემიის პრეს-სამსახური