თასის გათამაშების ნახევარფინალის მესამე საგზური “რუსთავმა” მოიპოვა

თასის გათამაშების ნახევარფინალის მესამე საგზური “რუსთავმა” მოიპოვა

საქართველოს თასის გათამაშების მესამე ნახევარფინალისტი “რუსთავია”. ქვემოქართლურმა გუნდმა დღეს თანარეგიონელ მარნეულის “დელტას” უმასპინძლა და 80:74 დაამარცხა. გათამაშების ფორმატის თანახმად, თასის გათამაშება პლეი ოფის სისტემით, სერიების გარეშე იმართება და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 1 მატჩის მოგება კმარა.

რუსთაველებმა საბოლოოდ 6 ქულით იმარჯვეს, თუმცა შეხვედრის ბოლო პერიოდი სულაც არ ყოფილა დაძაბული. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპინძლები 20 ქულით – 80:60 იგებდნენ და შეხვედრის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ. დარჩენილ დროში “რუსთავის” მოთამაშეებს ქულაც კი არ მიუთვლიათ, თუმცა გამარჯვებამდე მაინც მივიდნენ. ის 14 ქულა, რაც მარნეულელებმა დასკვნით 5 წუთში ჩააგდეს, მხოლოდ ღირსეული ანგარიშით დამარცხებას გასწვდა.

არადა, “დელტამ” თამაში კარგად დაიწყო და მთელი პირველი პერიოდი ლიდერობდა, პირველ 2-წუთიან შესვენებაზე კი 2 ქულით – 25:23 იგებდა. მასპინძლებმა მეორე პერიოდიდან თამაში გამოასწორეს და ჯერ ლიდეორბა მოიპოვეს, შემდეგ კი, ზემოთ ხსენებულ ეპიზოდამდე, ვიდრე დასრულებამდე 5 წუთი არ დარჩა, ლიდერობას ზრდიდნენ. ისევე როგორც სხვა ძლეული მეტოქეები,  მასპინძლებმა სტუმარი ამჯერადაც შორი სროლებით დაჩაგრეს. რუსთაველებმა 13 სამქულიანი ჩააგდეს, მარნეულელებმა კი – მხოლოდ 4. 

რუსთაველებს 20 ქულით, 9 მოხსნით და 9 პასით ადამ ბლეიზეკმა ულიდერა, ხოლო 22 ქულით ბრაიან ბერნარდი გამოირჩა. 20 ქულით და 14 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ტაირელ ნელსონმა. რეზო ჩაჩანიძემ გამარჯვებულებს 12 ქულა შესძინა. “მარნეულში” 25 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე რეი, ხოლო საბა ლობჯანიძემ თავი 18 ქულას, 7 მოხსნას და 5 პასს მოუყარა.

თასის გათამაშების მეოთხე ნახევარფინალისტი ხვალ ქუთაისში გამოვლინდება, სადაც იმერული კლუბი ბოლო მეოთხედფინალში  “ბათუმს” უმასპინძლებს. რაც შეეხება ნახევარფინალურ შეხვედრებს, ის 20 და 21 მარტს გაიმართება.