თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტ ტყიბულის ორბს შეხვდა და 13 ქულის სხვაობით – 99:86 (სტატისტიკა) დაამარცხა. თსუ-მა 3 დღის წინ ფიბა ევროპის თასის მატჩი ითამაშა კვიპროსის კერავნოსთან, რომელიც თბილისში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და სუპერლიგის რელსებზე გადმორთვა შედარებით გაუძნელდა.
თსუ-ს არ ჰყავდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც ერთადერთი მატჩი აქვს თსუ-ში ჩატარებული და ისიც წინა, ფიბა ევროპის სათასო მატჩში. ევროტურნირში მონაწილეობა რომ არა, თსუ ისედაც ფავორიტად ჩაითვლებოდა სუპერლიგის დებიუტანტთან მატჩში და ეს სტატუსი უნივერსიტეტელებმა გაამართლეს.
ტყიბულის გუნდმა, რაც შეეძლო, იბრძოლა. ორბმა წინა ტურში შინ ზესტაფონის “მარგვეთი” დაამარცხა, რითაც საკუთარი ამბიცია გამოავლინა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ტყიბულელები თსუ-ს იოლად არ დანებდნენ. ის კი არა, ბოლო პერიოდამდე კუდში მისდევდნენ და შანსს ინარჩუნებდნენ. ლექსო ლაფანაშვილს რამდენჯერმე წუთშესვენების აღებაც მოუხდა, ათამაშებული ტყიბულელები რომ დაეშოშმინებინა.
პირველი პერიოდი უნივერსიტეტელებმა მხოლოდ 3 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს. მესამე ათწუთეულის მოგებით თსუ-მ ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაიბევა და ცხადი გახდა, რომ მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტს გამარჯვებას არ დაანებებდა. საბოლოოდ თსუ დაგეგმილ გამარჯვებამდე მივიდა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
უნივერსიტეტელებს 31 ქულით, 6 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 12 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა, გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ტყიბულის გუნდში 21 ქულით, 8 მოხსნითა დ 6 ჩაჭრით საუკეთესო იყო კენი კუპერი.