3X3 კალათბურთში თბილისის ტურის პირველ ეტაპს ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. დედაქალაქის ტური 3 ტურნირისგან შედგება. 2 შესარჩევი ეტაპის შედეგად 16 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ერთმანეთს ფინალში, თბილისის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის შეებრძოლებიან.
დღევანდელმა ტურნირმა ის 8 გუნდი გამოავლინა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა ბრძოლა ამით არ შეწყვეტილა და პირველი შესარჩევი ეტაპის ჩემპიონი გაირკვა. საუკეთესო გუნდის ტიტული სეუ-მ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) მოიპოვა, რომელმაც ფინალურ მატჩში „გავროშას“ 21:15 სძლია.
სეუ-ს შემადგენლობაში ჩემპიონები გახდნენ ძმები ლაშა და დავით ეძგვერაძეები, ვასილ კუტალაძე და კოტე ბიწაძე. ეს უკანასკნელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რომელმაც სპეციალური პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელისგან – გიგა გურგენიძისგან ჩაიბარა.
მთლიანობაში ტურნირში 20-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. მეოთხედფინალში თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გავიდა, რომლებმაც ავტომატურად თბილისის ტურის ფინალური ეტაპის საგზურები მოიპოვეს. გუნდებმა დღევანდელი ეტაპის გამარჯვებულის გამოსავლენად პლეი ოფიდან გააგრძელეს ბრძოლა: სეუ-მ ფინალამდე რთული გზა გაიარა – მეოთხედფინალში „არქი ჯგუფს“ და ნახევარფინალში „ქუთაისს“ თითო ქულით მოუგო. მეორე ფინალისტმა „გავროშამ“ მეოთხედფინალში „ბაბუ“ 21:19 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში „მუხბეს“ 21:15 სძლია.
ფინალი დაძაბული გამოდგა, რომლის ბოლოს სეუ-ს კალათბურთელებმა კლასიკური თამაში აჩვენეს და საჩემპიონო მატჩი 21:15 მოიგეს.