სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგ ტურში ერთმანეთს ისეთი
გუნდები შეხვდნენ, რომლებსაც მიმდინარე სეზონში არც ერთი მოგება არ ჰქონდათ.
სამედიცინო
და ტექნიკურ უნივერსიტეტთა გუნდების დაპირისპირება საინტერესო გამოდგა და მატჩის ბედი
ბოლო წუთებზე გადაწყდა.კახა შენგელიას გაწვრთნილმა მედიკოსებმა ჩემპიონატში პირველი
გამარჯვება მოიპოვეს – 85:77.
მატჩი სტუ-ს უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის
შემდეგ ზურაბ ტომარაძის გუნდი 10 ქულით დაწინაურდა – 30:20. მეორე ათწუთეულიდან სამედიცინო
უნივერსიტეტის გუნდმა თამაში გამოასწორა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ დაწინაურდა
კიდეც. პერიოდი მედიკოსებმა 29:11 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით გალიდერდნენ.
ეს ძირითადად „სამედიცინოს“ მეფარეების – გიორგი რევაზაშვილისა და გიორგი ფერიაშვილის
დამსახურება იყო, რომლებსაც პირველი ტაიმის შემდეგ ჯამში 37 ქულა ჰქონდათ მოგროვებული.
მედიკოსთა ცენტრი საბოლოოდ მიმდინარე სუპერლიგის რეკორდამდე
მივიდა, მაგრამ ქულათა უმაღლესი შედეგი ვერ გააუმჯობესა. რუსთაველი ნეით ბოუის, დინამოელი
ქიან კარტერისა და ქუთაისელი რიჩარდ მათიაშვილის მსგავსად გიორგი რევაზაშვილმაც 31
ქულა მოაგროვა. რევაზაშვილს რეკორდის გაუმჯობესების კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მატჩის
დასრულებამდე 2 წუთით ადრე თსსუ-ს ცენტრმა მე-5 პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა
სკამზე გადაინაცვლა. ამ მატჩში გამეორდა შედეგიანი გადაცემების რეკორდიც, რომელიც აქამდე
ერთპიროვნულად ეკუთვნოდა შსს-ელ დენოთა ვონს. თსსუ-ს უკანახაზელმა გიორგი გაფრინდაშვილმა
ვონის მსგავსად 12 პასი მიითვალა და მედიკოსთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
სტუ-მ ბოლო წუთებზე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ
მედიკოსთა უკანახაზელებმა ზუსტი სროლებით ტექნიკოსებს მეტის შანსი აღარ მისცეს. რევაზავშვილთან
და გაფრინდაშვილთან ერთად თსსუ-ს ფერიშვილმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა. სტუ-ში
17 ქულით საუკეთესო ზურა კორკოტაძე გახლდათ, ტატო ჩაჩიბაიამ 14 მოაგროვა, ირაკლი ძიძიგურმა
კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
მე-9 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს თსსუ და „სოხუმი“ შეხვდებიან.
კახა შენგელია
(სამედიცინო): მივულოცავ ჩემს
გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას და ამდენი მარცხის შემდეგ სასიამოვნოა გამარჯვება.
მოგებით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშით ნაკლებად დავალებები ვერ შეასრულეს. თუმცა ამ
შეცდომების გამოსწორება შეიძლება და შევეცდებით ყველანაირად.
ზურაბ ტომარაძე
(სტუ): მივულოცავ
დამსახურებულ გამარჯვებას, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ნომინალური ცენტრი არ გვყავს,
რაც თამაშის პერიოდში პრობლემას გვიქმნის, 3-ქულიანზე აწყობილი თამაში არ არის სტაბილური.
მეორე წრიდან ვფიქრობთ გარკვეული კორექტივები უნდა შევიტანოთ გუნდური თამაშის კუთხით.
დღევანდელ წაგებას აქვს გარკვეული ობიექტური მიზეზები, თუმცა ეს არ გვამართლებს.
გიორგი რევაზაშვილი
(სამედიცინო): დიდი მადლობა მწვრთნელებს, მივულოცავ პირველ მოგებას
ჩემს თანაგუნდელებს.
ვახტანგ თევზაძე
(სტუ): ბოდიშს ვუხდი
ჩვენს გულშემატკივარს, ვეცდებით მეორე წრიდან გამოვასწოროთ შეცდომები.