სუპერლიგის მე-2 ტური დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა. თსუ-ჰიუნდაიმ ბოლო წუთზე 2 ქულის სხვაობით – 79:77 დაამარცხა მგზავრები.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ყველაფერი ორმა შეტევამ გადაწყვიტა, რომელიც მგზავრების კალათბურთელებს გაუცუდდათ, ხოლო თსუ-ჰიუნდაიმ – იხეირა.
მატჩის ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიში თანაბარი გახლდათ – 77:77. თსუ-ჰიუნდაელებმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრეს, ხოლო მათი სერბი ცენტრი რატკო პეტრიჩი საჯარიმოს ხაზზე დადგა და 2-დან 1 სროლა ჩააგდო.
ქულით ჩამორჩენილ მგზავრებს შესატევად 24 წამი ჰქონდათ და გათანაბრების კარგი შანსიც მიეცათ, თუმცა მათმა სნაიპერმა რეზო ჩაჩანიძემ 3-ქულიანი ააცილა, რომელიც პეტრიჩმა მოხსნა და კვლავ საჯარიმოს ხაზზე მოუხდა დადგომა. სერბმა ცენტრმა ამჯერადაც 1 საჯარიმო ჩააგდო და თსუ-ჰიუნდაი 79:77 დააწინაურა.
დარჩენილ 6 წამში ამერიკელმა ადრიან ბოუიმ კი შეუტია, მაგრამ დროში ვერ ჩაეტია და შეხვედრა დასრულდა. გამარჯვებულებს 19 ქულით და 13 მოხსნით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა რატკო პეტრიჩმა, 16 – სანდრო სანაძემ, ხოლო ჯეიმს მილიკენის ანგარიშზე 13 ქულა და 8 პასი დაგროვდა. მგზავრებში 25 ქულით, 6 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-3 ტურის მატჩები 21, 22 და 23 ნოემბერს ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
თსუ-ჰიუნდაი – მგზავრები
სტატისტიკა: 79:77