სუპერლიგის მე-5 ტური დრამატული მატჩით დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის სათავეში, გვერდი-გვერდ მყოფი გუნდები – “ოლიმპი” და “თსუ-ჰიუნდაი” შეხვდნენ. ორივე მათგანს 4 ტურის შემდეგ 3 მოგება ჰქონდა და ამ მატჩის მოგებით გვარიან ჰანდიკაპს მიიღებდა.
თამაში ძალიან სწრაფი, დაძაბული და ემოციური გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედის დასაწყისში “ოლიმპის” ლიდერობამ 14 ქულას უწია (30:16), შეხვედრა მალევე დაუბრუნდა თანაბარ კალაპოტს და ბოლო წამებამდე გამარჯვებულის ვინაობა უცნობი იყო.
14 ქულით ჩამორჩენის შემდეგ თსუ-ჰიუნდაელებმა დაცვა გაამაგრეს და მეტოქეს სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალება შეუზღუდეს. თავად კი კომბინირებულად უტევდნენ – როგორც ფარქვეშიდან, ისე პერიმეტრიდან “თსუ-ჰიუნდაის” კალათბურთელები ბურთს ბურთზე აგდებდნენ და მეორე პერიოდშივე მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილება – 35:35.
თანაბარი თამაში ბოლომდე გაგრძელდა. “ოლიმპი” გამარჯვებასთან ახლოს მივიდა, როცა ტრე ბენეტისა და რეზო როგავას შედეგიანობის წყალობით შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 4 ქულით გალიდერდა (73:69), თუმცა გიორგი კორსნტიას ორქულიანისა და სანდრო სანაძის სამიანით თსუ-ჰიუნდაელები ქულით დაწინაურდნენ. აღსანიშნავია ნიკა მეტრეველის კარგი თამაში, რომელმაც ბოლო წუთზე დაცვაში საიმედოდ ითამაშა და ტრე ბენეტის გამთანაბრებელ სროლას დააფარა.
2 ქულით დაწინაურებულმა თსუ-ჰიუნდაელებმა ოლიმპის ბოლო შეტევა დიდი ძალისხმევის შედეგად მოიგერიეს და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს – 75:73. სტუდენტურ გუნდში 13 ქულითა და 13 მოხსნით ჯეიმს მილიკენი გამოირჩა, ისევე როგორც 12-12 ქულა-მოხსნის მიმთვლელი ნიკა მეტრეველი. 4 სამქულიანით 12 ქულა მოაგროვა კოკა ტომარაძემ, ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.”ოლიმპში” 17-17 ქულით რეზო როგავა და ტრე ბენეტი გამოირჩნენ, ნიკა დარბაიძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
4 მოგებითა და 1 მარცხით სუპერლიგის ცხრილს “ქუთაისი” და “თსუ-ჰიუნდაი” ლიდერობენ. შემდეგი ტურის მატჩები 19 და 20 დეკემბერს გაიმართება.
ოლიმპი – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 73:75