ერთადერთი გუნდი, რომელსაც 3 ტურის შემდეგ სუპერლიგაში მოგება არ გააჩნია, “რუსთავია”. ქვემოქართლურმა გუნდმა დღეს ტურის დასკვნით მატჩში “თსუ-ჰიუნდაის” უმასპინძლა და ისე წააგო, წარმატების შანსი არ ჰქონია.
რუსთაველებს აკლდათ ლევან ხმელიძე, ხოლო რუდოლფ ჯოლი და ბესო გუგავა ტრავმების შემდეგ ფორმაში არ იყვნენ. შესაბამისად, მასპინძლებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს გამართულად და შედეგიანად მოთამაშე თსუ-ჰიუნდაელებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თავიდანვე რომ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.
თბილისელები გუნდურად და სწრაფად თამაშობდნენ. სამწამიან ზონაში გიორგი კორსანტიას ბადალი არ ჰყავდა, პერიმეტრიდან კი ჯეიმზ მილიკანი და სანდრო სანაძე გამოირჩეოდნენ. ეს უკანასკნელი ზუსტი შორ სროლებთან ერთად სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდა და საბოლოოდ 19 ქულით კორსანტიასთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა.
შეხვედრა ისე ჩამთავრდა, არც დაძაბულა და მწვრთნელებმა მოედანზე ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეებს უხმეს. საბოლოოდ “თსუ-ჰიუნდაიმ” 96:77 იმარჯვა და ცხრილში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.
სუპერლიგაში ახლა სანაკრებო ფანჯრის გამო შესვენებაა და თამაშები 7 დეკემბრიდან განახლდება.
რუსთავი – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 77:96
რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“ცუდად ვითამაშეთ, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ოპტიმალური შემადგენლობით არ ვიყავით. გვაკლდა ლევან ხმელიძე, ხოლო გუგავამაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა. რუდოლფ ჯოლი მთელი კვირა ტრავმირებული გახლდათ და დღეს ბოლომდე ვერ დაიტვირთა. მეტოქემაც კარგად ითამაშა და სამწუხაროდ, მივიღეთ ეს შედეგი”.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, “ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი:
“გუნდური თამაშით კარგ შედეგს მივაღწიეთ. ყველა მოთამაშემ კარგად შეასრულა დავალება, რასაც ვერ ვიტყვით წინა 2 შეხვედრაზე. თამაში აშკარად გამოვასწორეთ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს არაა ჩვენი გუნდის მაქსიმუმი”.