სუპერლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის გუნდი და “ბათუმი” შეხვდნენ. ამ გუნდებს 13 ოქტომბერს უნდა ეთამაშათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი 9 ოქტომბერს ერთმანეთს დუდუ დადიანის ფინალში შეხვდნენ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ორგანიზატორთა თანხმობით მატჩი 3 დღით გვიან გაიმართა. მემორიალის ფინალისტთა სუპერლიგის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წუთები, როცა ქულა-ქულაში ბრძოლა გაჩაღდა. ორივე გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი ჰქონდა, თუმცა გამარჯვება თსუ-ელებს დარჩათ, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ.
თუკი დადიანის მემორიალზე უნივერსიტეტის გუდნმა დამაჯერებელი, 18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა, დღევანდელ მატჩში მხოლოდ 2 ქულით იძალა – 92:90. არადა, მესამე პერიოდში თსუ-თა ლიდერობამ 12 ქულას მიაღწია – 71:59 და თითქოს ბათუმელებიც გატყდნენ, თუმცა სტუმრები დანებებას არ აპირებდნენ და გადამწყვეტ მეოთხედში გადამწყვეტი იერიში წამოიწყეს. ლეგიონერების – კოლინ მალკოლმის, ნიკოლა ვუიოვიჩისა და ჯუნიუს პროველის მექულეობით ზღვისპირელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დაწინაურდნენ კიდეც – 86:85. გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ბათუმელებს შეტევა გაუცუდდათ, თსუ-ელებმა კი იხეირეს და გამარჯვებაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს დარჩათ.
თსუ-ს რიგებში ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო გიორგი ტურძილაძე, რომელმაც 35 ქულა მიითვალა. ამით მან გაიმეორა პირველი ტურის ბომბარდირის, ოლიმპელი რევაზ როგავას შედეგი. 14 ქულა მიითვალა დევიდ მაკფერლანდმა, რომელსაც თსუ-ში დებიუტი ჰქონდა (დუდუ დადიანის თასზე არ უთამაშია). 12 ქულა მიითვალა სანდრო სანაძემ, გიორგი კორსანტიამ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 11 ქულა, 13 მოხსნა. “ბათუმში” 24 ქულით საუკეთესო იყო კოლინ მალკოლმი. 18 ქულა და 12 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები 19 და 20 ოქტომბერს გაიმართება.
თსუ – ბათუმი
სტატისტიკა: 92:90