სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა. მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი გამარჯვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში მოიპოვა. უნივერსიტეტელებმა “ბათუმი 2010” 93:82 (სტატისტიკა) დაამარცხეს და სუპერლიგაში ერთპიროვნული ლიდერობა გაიმყარეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი ბათუმელებმა მოიგეს, მეორე – თსუ-მ, ხოლო მესამეში ქულა-ქულაში ორთაბრძოლა გაჩაღდა. ბოლო ათწუთეულის წინ თსუ 3 ქულით იგებდა, თუმცა დასკვნითი წუთები უფრო მობილიზებით ჩაატარა და გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდა.
გამარჯვებაში უდიდესი წილი თსუ-ს ბათუმელმა მოთამაშემ, ეროვნული ნაკრების წევრმა, ალექსანდრე ფევაძემ დაიდო, რომელმაც 27 ქულასთან ერთად 18 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში მოხსნების რეკორდიც ფევაძეს ეკუთვნის და ეს რაოდენობა 19-ს შეადგენს. თსუ-მ ითამაშა გიორგი ცინცაძის გარეშე, რომლის არყოფნაშიც ბურთის გათამაშებას ჩინებულად გაართვა თავი ოთარ ფხაკაძემ, რომელმაც შეხვედრა 22 ქულითა და 6 პასით დაასრულა.
სუპერლიგის მე-7 ტურის მატჩები 3 და 4 დეკემბერს, თბილისში, ქუთაისსა და გურჯაანში გაიმართება.