საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თსუ-მ საპლეიოფო სერია გაათანაბრა. კავკასიასა და თსუ-ს შორის გამარჯვებულის ვინაობას მეოთხედფინალური სერიის მე-5 მატჩი გადაწყვეტს. 28 აპრილს, თბილისი არენაზე გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება და გამარჯვებული გუნდი ნახევარფინალში გავა.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და სერიაში 1:2 ჩამორჩენის შემდეგ ძალები მოიკრიბეს. სერიის მე-4 მატჩი კავკასიამ ჩვეული შემართებით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ 25:20 დაწინაურდა. კავკასიელებს აკლდათ ტრავმირებული ლევან გოგიჩაიშვილი, თუმცა დანაკლისით გამოწვეული სიმძიმე გუნდმა პირველი ნახევრის ბოლო წუთზე განიცადა, როცა მატჩის გამოკვეთილი ლიდერი დაშავდა და თამაში ვეღარ გაგრძელა.
ჯასტინ ფორესტს პირველ ტაიმში 17 ქულა ჰქონდა მითვლილი, მას თსუ-ელები ვერ აჩერებდნენ, თუმცა სათამაშო ეპიზოდში მან ფეხი იტკინა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ეს აღმოჩნდა კავკასიელთათვის დიდი დანაკლისი, რის შემდეგაც ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა თამაში ვეღარ დაალაგეს. დიდ შესვენებაზე თსუ 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია. მესამე პერიოდიდან დიდებულად ათამაშდა ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანმა კი, რომელიც პირველ ნახევარში მოულოდნელად სამქულიანების მსროლელად მოგვევლინა (4 ცდიდან 2 ჩააგდო), ფარქვეშ გადაინაცვლა და თსუ-ს პოზიცია გაუმყარა.
შეხვედრა საბოლოოდ 98:86 (სტატისტიკა) დასრულდა. თსუ-ს შემადგენლობაში 15 ქულითა და 11 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა. ორმაგი დუბლი დააგროვა ვილი ისიანმაც – 15 ქულა, 10 მოხსნა. ბომბარდირი 16 ქულით კახა ჯინჭარაძე გახდა. კავკასიაში 22 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ჯავაუნ დენიელსი, 17-17 ქულა დააგროვეს ჯასტინ ფორესტმა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა.
ამ გუნდებს შორის გამარჯვებულს სერიის მე-5 შეხვედრა გაარკვევს, რომელიც 28 აპრილს გაიმართება.