თსუ-მ კონკურენტი დელტა დაამარცხა | გურჯაანელებმა პირველი წრე 7 მოგებით დაასრულეს

თსუ-მ კონკურენტი დელტა დაამარცხა | გურჯაანელებმა პირველი წრე 7 მოგებით დაასრულეს

სუპერლიგის 2 ლიდერის მატჩით მე-10 ტური დასრულდა. მართალია, თსუ ლიდერთა სამეულში არ იყო, თუმცა ეს იმის გამო, რომ ევროპის თასზე ასპარეზობისას რამდენიმე თამაში გადაედო და ყველა სუპერლიგელზე ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. დაკარგული ქულებით თსუ და გურჯაანის დელტა ჩემპიონატის ლიდერები იყვნენ – ორივეს მხოლოდ 2 წაგება ჰქონდათ და მათ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა ამ კომპონენტში სუპერლიგის ლიდერი. 

მატჩი გურჯაანელთა ლიდერობით დაიწყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა – 20:10 დაწინაურდა, რაც უმეტესწილად თსუ-ს შეცდომებით იყო განპირობებული. ორივე გუნდი დაცვას მეტ ყურადღებას აქცევდა და ეს

საბოლოო შედეგზეც აისახა, თუმცა სანამ მატჩი დასრულებამდე მივიდოდა, თსუ-მ გარდატეხა მოახდინა და ზემოთნახსენები ჩამორჩენა ჯერ გააბათილა, მეორე პერიოდში კი დაწინაურდა კიდეც. 

პირველი პერიოდი გურჯაანელებმა 26:23 მოიგეს, რის შემდეგაც თსუ-ს ჯერი დადგა. გიორგი ცინცაძემ, ალექსანდრე ფევაძემ და გიორგი ტურძილაძემ კახა ჯინჭარაძესთან ერთად ქულები უხვად იხვეჭეს და მეორე ათწუთეულის ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა 20:8 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის უნივერსიტეტელები 9 ქულით (43:34) იგებდნენ, რასაც მესამე პერიოდის ბოლო ქულა შემატეს და 10 ქულით – 56:46.

გურჯაანელებმა ცადეს, თამაში გადაერჩინათ და მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე (52:56) შემცირება იყო. საბოლოოდ თსუ-მ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 66:60 (სტატისტიკა). ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდში საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ფევაძემ აჩვენა, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 14 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს, ხოლო გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 12 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. გურჯაანში 11-11 ქულა-მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი, ტერი კოლინსმა კი 13 ქულა მიითვალა.

გურჯაანმა ამ მატჩით დაასრულა პირველი წრე, რომელშიც განმავლობაშიც 10 მატჩი გამართა და 7-ში იმარჯვა. თსუ-ს 8 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 მოგებით მე-4 ადგილზეა. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური 22, 23 და 24 დეკემბერს, საქართველოს 5 ქალაქში გაიმართება. შეხვედრები ჩატარდება ბათუმში, ტყიბულში, ქუთაისში, გორსა და ცხადია, თბილისში.