თსუ-ის წარმატებული სერია გრძელდება. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში გამართული მატჩებიდან მხოლოდ ერთი წააგო, ხოლო აქტივში 6 მოგება აქვს. მეექვსე გამარჯვება დღეს უნივერსიტეტელებმა სუპერლიგის დებიუტანტ “მეგასთან” მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებით იყო შესუსტებული, თსუ-მ მაინც მოახერხა გამარჯვების ისე მოპოვება, რომ არ ენერვიულა.
ტრავმის გამო თსუ-ელებს გიორგი ცინცაძე კარგა ხანია, აკლიათ. დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ნიკოლოზ დარბაიძემ, მაიზერ რევაზაშვილმა, რაილ ოუენსმა. ლაფანაშვილის გუნდში 7-მა კალათბურთელმა ითამაშა, რომელთაგან 2 მოედანზე 9 წუთზე მეტით არ გამოჩენილა.
პირველი პერიოდი თსუ-მ 35:20 მოიგო და დარჩენილ დროში ამ უპირატესობას ინარჩუნებდა. მეგას მოთამაშეები ცდილობდნენ ჩამორჩენის შემცირებას, რაც პერიოდულად კარგად გამოსდიოდათ, თუმცა საბოლოოდ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, მეტოქესთან 5 ქულით მიახლოება იყო. ეს მოხდა ბოლო პერიოდში, თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე და მეგას თამაშის გადასარჩენად საკმარისი დრო ჰქონდა. აქ კი თავი თსუ-ს ლეგიონერებმა – პაპ დიოპმა, ჯეიმი ჯონსონმა და ლოველ ქაბილმა გამოიჩინეს, რომლებმაც შედეგიანი თამაშით თსუ-ს კვლავ ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევეს და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს.
უნივერსიტეტელებმა საბოლოოდ 88:77 (სტატისტიკა) იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 25 ქულისა და 8 პასის მომხვეჭ ლოველ ქაბილს ეკუთვნის. 20 ქულა ჯეიმი ჯონსონმა მიითვალა, ხოლო პაპ დიოპმა და მიხელ ბერიშვილმა 14-14 ქულა მოაგროვეს. ბერიშვილმა ასევე 10 მოხსნა და 5 პასიც მოინაგრა. “მეგაში” 22 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 17-17 ქულა ტაირელ კორბინმა და დემონტე ფლანიგანმა მიითვალეს.