სუპერლიგის მე-5 ტურმა დღეს სტარტი თბილისში აიღო. 11 ნოემბერს დაგეგმილი 3 მატჩიდან დედაქალაქში მხოლოდ 1 იყო, რომელიც დასრულდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საკალათბურთო კლუბი “რაში” 97:78 (სტატისტიკა) დაამარცხა. სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს, რომელიც ამ სეზონში ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს, მორიგი გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. თსუ-მ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მარცხი არ განუცდია.
სუპერლიგის დებიუტანტმა “რაშმა” პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს თსუ-სთან მცირე შანსი ჰქონდა. მოქმედი ჩემპიონი ნიადაგ ლიდერობდა, რაში კი კვალში ედგა და რამდენჯერმე – მეორე და მესამე პერიოდებში ჩამორჩენა 2-3 ქულამდე შეამცირა.
თსუ თამაშობდა 3 მთავარი უკანახაზელის – გიორგი ცინცაძის, ტაირი ბოიკინის და რატი ანდრონიკაშვილის გარეშე. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტელებს მთლიანობაში არ გასჭირვებიათ. ნოდარ გოგოძემ თავი მშვენივრად გაართვა ბურთის გათამაშებას. ხოლო ფარქვეშ თსუ-ს ალექსანდრე ფევაძისა და ნიკოლა ვუიოვიჩის წყაობით, რომლებსაც კარგად ეხმარებოდა გიორგი ტურძილაძე, პრობლემა არ შეჰქმნიათ.
მესამე პერიოდში რაშის 2 ქულით მიახლოების შემდეგ, თსუ-მ სიჩქარე აკრიფა და ისე ჩაამთავრა დარჩენილი დრო, მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია. უნივერსიტეტელებმა საბოლოოდ 19 ქულით გაიმარჯვეს, რაშიც ლომის წილი ფევაძემ დაიდო – 19 ქულა, 18 მოხსნა და 7 პასი. ბომბარდირი 24 ქულით კახა ჯინჭარაძე გახდა. 15-15 ქულა ლეგიონერებმა – ნიკოლა ვუიოვიჩმა და კემერონ კრენსტონმა მიითვალეს. რაშის შემადგენლობაში 14 ქულით ბრედ ოლსენი გამოირჩა. 11-11 ქულა სანდრო სანაძემ და გიორგი ვახანიამ მიითვალეს.
დღეს კიდევ 2 მატჩი გაიმართება: გურჯაანში დელტა ქუთაისს უმასპინძლებს, ხოლო გორში სათამაშოდ კავკასია ჩავა.