თსუ-მ ტიტებს იოლად მოუგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა

თსუ-მ ტიტებს იოლად მოუგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო. მეოთხედფინალური წყვილებიდან პირველი თსუ-სა და “ტიტების” სერია დაიწყო. რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასული სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ფავორიტად ითვლება და ეს სტატუსი თსუ-ელებმა პირველივე მატჩში გაამართლეს. თსუ-მ სერიის გახსნის მატჩი 26 ქულის სხვაობით – 89:63 (სტატისტიკა) მოუგო “ტიტებს” და სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდა.

არადა, “ტიტებმა” 1 კვირის წინ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში თსუ დაამარცხა და სწორედ ამის შემდეგ შედგა ეს მეოთხედფინალური წყვილი. დღევანდელი მატჩი სრულიად განსხვავებული იყო – ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, თამაში ისე დამთავრდა, პრობლემა აღარ შეჰქმნიათ. 

პირველი პერიოდი უნივერსიტეტელებმა 27:14 მოიგეს, რითაც “ტიტებს” საკუთარი ამბიცია მკაფიოდ დაანახეს. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი “ტიტები” ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ თსუ-ს კალათბურთელებს ვერც კლასში სჯობნიდა და ვერც ფიზმომზადებაში. შეხვედრა ისე გაგრძელდა და დასრულდა, რომ თამაში არ დაძაბულა. თსუ-ელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ეცდებიან, სერია ასეთივე შემართებით გააგრძელონ და მეტოქეს საქმე 3 მატჩში მოუმთავრონ. თავის მხრივ, “ტიტები” რადიკალურ ცვლილებებს განახორციელებს, რადგან ამ თამაშით წარმატების მიზერული შანსი გააჩნია.

გამარჯვებულებს ტრადიციულად ლოველ ქაბილმა ულიდერა – 19 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა. 16-16 ქულა რაილ ოუენსმა და ნიკოლოზ დარბაიძემ მიითვალეს. მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. “ტიტების” ლიდერმა ჯავიონ ოგუნიემიმ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა ზაურ ჯანელიძემ, ხოლო 11 კრის პარკერმა მიითვალეს. 

აღსანიშნავია თსუ-ს ახალი ფან-კლუბის აქტიურობა, რომელსაც 1 სექტორი მთლიანად ჰქომდა შევსებული და მთელი თამაშის მანძილზე მხურვალედ ქომაგობდა უნივერსიტეტელებს. 

სერიის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 30 აპრილს, 16:30 საათზე გაიმართება.