თსუ-მ ცხუმ-აფხაზეთსაც მოუგო და სუპერლიგის ლიდერობა გაიმყარა

თსუ-მ ცხუმ-აფხაზეთსაც მოუგო და სუპერლიგის ლიდერობა გაიმყარა

საკალათბურთო სუპერლიგის ლიდერმა თსუ-მ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მძიმე სტარტის მიუხედავდ “ცხუმ-აფხაზეთი” დამაჯერებლად – 85:74 დაამარცხეს და მიმდინარე ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარეს. დაკარგული ქულებით თსუ-ს “ოლიმპი” უთანაბრდება (ორივეს 2 მატჩი აქვთ წაგებული), თუმცა ოლიმპელებს 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

არადა, მატჩი “ცხუმ-აფხაზეთის” დამაჯერებელი ლიდერობით დაიწყო. ზვიად ანთაძის გაწვრთნილი გუნდი დებიუტში 13:2 დაწინაურდა, შემდეგ კი 19:5 იგებდა. დეონტა ფრანკლინის სწრაფ გარღვევებს უნივერსიტეტელები ვერაფერს უხერხებდნენ, თუმცა მოგვიანებით დაცვა გაამაგრეს და შესაბამისად, თამაშიც დაალაგეს.

რაკი მეტოქის სწრაფი კონტრშეტევები აღკვეთეს, თსუ-მ “ცხუმ-აფხაზეთს” მეთოდურად შეუტია. ჯერ მეტოქის ფარქვეშ გამაგრდა, რაც 2 გიორგის – ტურძილაძისა და კორსანტიას დომინირებაში გამოიხატა, ხოლო როცა უკანა ხაზიდან ლუკა ზაქრაძისა და კრისტოფერ ანდერსონის გამოზომილი პას-ქულებიც წაეშველათ, თსუ-ელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე გააბათილეს. თუმცა დიდ შესვენებაზე ლიდერად მაინც “ცხუმ-აფხაზეთი” გავიდა, რომელიც 34:30 იგებდა, მაგრამ მესამე პერიოდიდან თსუ ჩვეულად ამოქმედდა, ანთაძის გუნდის წევრებს კი დაღლა დაეტყოთ და პერიოდის შუაწელში ანგარიშიც გათანაბრდა. 

მესამე პერიოდი თსუ-ელებმა 28:15 მოიგეს და თამაშში გარდატეხა შეიტანეს. მალე ლაფანაშვილის გუნდის ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია და თამაშიც ისე ჩამთავრდა, “ცხუმ-აფხაზეთს” მოგების რეალური შანსი არ მისცემია. უნივერსიტეტელბს 26 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი ტურძილაძემ ულიდერა. 16 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა გიორგი კორსანტიას. “ცხუმ-აფხაზეთში” 29 ქულით საუკეთესო იყო დეონტა ფრანკლინი, ხოლო გიორგი შარაბიძემ 14 ქულა მიითვალა.

მე-9 ტურის ბოლო მატჩი ხვალ ქვემო ქართლში გაიმართება. “რუსთავი” “ოლიმპს” უმასპინძლებს, შეხვედრა “ქიმიკოსთა” დარბაზში 18:30 საათზე გაიმართება.

ცხუმ-აფხაზეთი – თსუ
სტატისტიკა: 74:85