სუპერლიგის პირველი ტური დარულდა. ერთი წყვილი, რომელსაც სუპერლიგის ამ ტურში არ უთამაშია, ბათუმი და ქუთაისია, რომლებიც დღეს ერთმანეთს სუპერთასისთვის შეხვდნენ, ხოლო პირველი ტურის ერთმანეთში სათამაშო მატჩს მოგვიანებით, თარიღის შერჩევის შემდეგ ჩაატარებენ.
ბოლო მატჩში, რომელიც 21:00 საათზე დაიწყო, ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) და სახელშეცვლილი ცხუმ -აფხაზეთი შეხვდნენ, რომელიც ამიერიდან გურჯაანის დელტას სახელით იასპარეზებს. ეს გუნდები ერთმანეთს გასულ ოთხშაბათს დასრულებულ დუდუდ დადიანის მემორიალზე შეხვდნენ და მაშინ თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში 81:80 იმარჯვა. ამჯერად უნივერსიტეტელთა უპირატესობა ათჯერ მეტი იყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გურჯაანული დელტა 71:61 (სტატისტიკა) დაამარცხა.
საბოლოო სხვაობა დიდი არ გახლავთ, თუმცა თსუ-მ დამაჯერებლად იმარჯვა. თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, სტუდენტებს შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმიათ. ანგარიშში სხვაობა 5-15 ქულის ფარგლებში მეტ-ნაკლულობდა. ერთხანს, მეორე პერიოდის შუაწელში, თსუ-ელები 19 ქულითაც დაწინაურდნენ (33:14), მაგრამ დელტას მოთამაშეები მალევე გამოერკვნენ და ჩამორჩენის შემცირებით თამაშს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნეს.
საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. თსუ დამაჯერებლად მივიდა მიზნამდე და სუპერლიგის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა. თსუ-ში 15 ქულით საუკეთესო იყო მათე კაპანაძე, რომელმაც 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასიც მიითვალა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ებრიან ედვარდსმა მოაგროვა, 14 ქულა დაგროვდა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეც. დელტაში 17 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი ლევან მასხულიამ დააფიქსირა. 14 ქულა ოთარ ფხკაძემ დაგროვა.
მომდევნო ტურის მატჩები მომავალ შაბათ-კვირას, 19 და 30 ოქტომბერს გაიმართება.