თსუ-მა კაკტუსს 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა და სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

თსუ-მა კაკტუსს 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა და სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

თსუ სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კაკტუსს მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 90:89 (სტატისტიკა) მოუგო და საერთო ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვა. მოგებაცაა და მოგებაც – თსუ პირველი ნახევრის შემდეგ 25 ქულით აგებდა, ხოლო ბოლო პერიოდის წინ 18 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა საოცარი ბრძოლისუნარიანობისა და შეუპოვრობის ხარჯზე საოცარი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი 2 დიამეტრულად განსხვავებული ნახევრისგან შედგებოდა. პირველი ტაიმი კაკტუსის იყო, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა და ტაბლოზე დიდი შესვენებისთვის ადეკვატური ანგარიშიც აისახა – 53:28. ასეთი შედეგის შემდეგ გუნდების უმეტესობა ფსიქოლოგიურად ტყდება. მესამე პერიოდიდან თამაში თუ არ აეწყო, ფარ-ხმალს ყრის, რაც თსუ-ს კალათბურთელებისთვის შეუფერებელია. მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში მხოლოდ 7 ქულა გააბათილეს და ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულით ჩამორჩებოდნენ, უნივერსიტეტელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და საწადელს მიაღწიეს.

რთულია კონკრეტული მოთამაშეების გამორჩევა. თსუ-ს ყველ წევრმა, რომელიც მოედანზე იმყოფებოდა, მაქსიმუმი გააკეთა და საარაკო გამარჯვება გამოჭედა, რომელიც დიდ ხანს ემახსოვრება როგორც კაკტუსის კალათბურთელებს, ისე სუპერლიგის ქომაგებს. თსუ-ში ლეგიონერი – მალკოლმ დრამრაითი და ჯიმონ ჰენსონი გამოირჩნენ. პირველმა 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ კი – 22 ქულა და 5 მოხსნა. მიხეილ ბერიშვილმა 17 ქულა ჩააგდო, ნიკოლოზ დარბაიძემ – 12, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა და 7 პასი დაგროვდა. კაკტუსში 14 ქულითა და 24 მოხსნით (!) საუკეთესო იყო ჯეისონ კოპმანი. 20 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი რაიან ალენმა მიითვალა.

კაკტუსმა სეზონი დაასრულა, თსუ კი ნახევარფინალშია და მეტოქეს ოლიმპისა და მარგვეთის წყვილიდან ელოდება, რომლებიც ხვალ, 29 აპრილს, სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას ითამაშებენ.