თსუ მემორიალის ჩემპიონია!!!

თსუ მემორიალის ჩემპიონია!!!

თსუ მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის
მემორიალის გამარჯვებულია! ნუგზარ ჭეიშვილის დამოძღვრილმა სტუდენტურმა გუნდმა
ფინალში „სოხუმს“ დამაჯერებლად მოუგო და მემორიალური თასი ღირსეულად ჩაიბარა.

ფინალი არ იყო ისეთი დაძაბული, როგორიც ჯგუფური
ეტაპის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც თსუ–მ შსს–სთან ბრძოლაში ფინალის საგზური
მოიპოვა, თუმცა სტუდენტებისთვის ტიტულის მოგება იოლად არ მოსულა. თითოეულმა
კალათბურთელმა მაქსიმუმი გაიღო გამარჯვებისთვის და საბოლოოდ გარჯაც დაუფასდათ.
საერთოდ, ჭეიშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ქორქია–საკანდელიძის თასისკენ მიმავალი
გზა საკმაოდ რთული იყო. თსუ–ელებმა თითოეულ მატჩში ბრძოლა გადაიტანეს, თან ისე,
რომ გადამწყვეტ შეხვედრებში მათ ძირითადი ხუთეულის 2 მოთამაშე აკლდათ – ტურნირამდე
ტრავმირებულ მიხეილ ფანჩულიძეს ერთ–ერთ მატჩში დაშავებული გიორგი მარხვაშვილიც
შეემატა.

მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა, თსუ–მ უდიდესი
მონდომების ხარჯზე მოახერხა მობილიზება და დიდი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მემორიალური
ტიტული პირველად მოიპოვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქორქია–საკანდელიძის მემორიალი
მეექვსედ გაიმართა და ის აქამდე 2 გუნდს აქვს მოგებული: რუსთველებს ოთხჯერ, ხოლო
„ავიამშენს“ – ერთხელ.

 

ფინალური მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა,
რაზეც საბოლოო ანგარიშიც მიუთითებს. ორივე გუნდი აქცენტს სწრაფ შეტევებზე
აკეთებდა. სანამ თსუ–ს უპირატესობა გამოიკვეთებოდა, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა.
ოდნავ დაწინაურებულ სტუდენტებს, სოხუმელებმა საწყისი პერიოდის შუაწელში გადაუსწრეს
(14:13), თუმც მიხეილ ბერიშვილის ზუსტმა სროლებმა თსუ–ს ლიდერობა მოუპოვა – 24:19
პირველი ათწუთეულის შემდეგ.

 

განახლდა თამაში და სტუდენტებმა სისწრაფეს და
სიზუსტეს კიდევ უფრო უმატეს, სოხუმელებს კი მიზანი გაუმრუდდათ. მათ შორი სროლები
ვერ ჩააგდეს, ფარქვეშ კი  ლონდარიძე–მათიაშვილის
ტანდემი ბატონობდა და სოხუმელებს სამწამიანში არ უშვებდნენ. მეორე მეოთხედის შუაში
თსუ–მ ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწია, რაც იმავ ბერიშვილის შედეგიანი თამაშის
წყალობით მოხდა – 41:27 პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე. ეს იმის
შედეგიც იყო, რომ თსუ–ელები პერიოდულად წარმატებით თამაშობდნენ ზონურ პრესინგს და
სოხუმელებს აიძულებდნენ, ბურთი დაეკარგათ.

 

პირველი ტაიმის ბოლო 4 წუთში უკვე სოხუმელებმა
მოიპოვეს თამაშის სადავეები, რაც მათი 2 უკანახაზელის – ლაშა ფარღალავასა და იუჯინ
ჰარისის დამსახურება იყო. სწორედ ამ კალათბურთელებმა ჩააგდეს ჯამში 17 ქულა და
დიდი შესვენებისთვის თსუ–ს ლიდერობა 3 ქულამდე შეკვეცეს – 48:45.

 

განახლდა თამაში და თსუ–ს მეფარეებმა გაილაღეს. ეს
უპირველესად ილია ლონდარიძეზე ითქმის, რომელმაც თითქმის ყველა ბურთი ჩააგდო,
რომელიც სამწამიანში მიიღო. ლონდარიძემ საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის
პრიზი მოიპოვა. ამასობაში, მიკხეილ ბერიშვილმა მეოთხე პერსონალური ჯარიმა მიიღო და
მოედნიდან გავიდა, თუმც ეს თსუ–ს არ შეეტყო და მალე სტუდენტების უპირატესობამ
10–ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

მესამე მეოთხედის ბოლოს თსუ 13 ქულით იგებდა და
მეფარეების ყოჩაღი გარჯის შედეგად ეს უპირატესობა სტუდენტებს თამაშის ბოლომდე
ხელიდან აღარ გაუშვიათ. ერთადერთი, რაც სოხუმელებმა შესძლეს, თამაშის დასრულებამდე
3–სამწუთნახევრით ადრე ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო.

თსუ–მ ღირსეულად მოიგო მიხეილ ქორქიასა და ზურაბ
საკანდელიძის სახელობის თასი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებადაც სწორედ ჭეიშვილის
გუნდის წევრები დაასახელეს. როგორც ვთქვით, საუკეთესო ფორვარდის პრიზი ილია
ლონდარიძე დაასახელეს, ხოლო საუკეთესო დამცველი გიორგი გაფრინდაშვილი გახდა.

მიხეილ ქორქიასა და
ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 21 იანვარი

ფინალი

თსუ
102:86 სოხუმი

24:19
24:26 33:23 21:18

თსუ: ხიზანიშვილი (2), გაფრინდაშვილი (11ქ, 6პ), კოხრეიძე
(7ქ, 11მ, 7პ), ლონდარიძე (25ქ, 15ქ), კორკოტაძე (10), ჩიტაშვილი (2), მათიაშვილი
(19ქ, 11მ), მ. ბერიშვილი (25ქ, 9მ), ჩქარეული (1)

სოხუმი: ფარღალავა (25ქ, 6პ, 4ჩ), ჰარისი (23ქ, 5პ),
კვეტენაძე (3ქ, 7მ), შანიძე (11ქ, 5ჩ), სორდია (2), კანკია (3), რ. დამუსი (16ქ,
14მ, 3დ), ანთაძე (3)

მსაჯები: მაკა კუპატაძე , ირაკლი ბერიშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი