გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-5 ტური დღეს თბილისში 1 მატჩით გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს თსუ და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილი უნივერსიტეტელების იოლი გამარჯვებით – 77:54 (სტატისტიკა) დასრულდა.
მატჩის შედეგი ნათლად მეტყველებს თსუ-ელთა უპირატესობაზე. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსი” ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და უფრო სწრაფად, გააზრებულად და შედეგიანად მოთამაშე უნივერსიტეტელებს ვერაფერი დაუპირისპირა. შეხვედრის დებიუტში თსუ 13:1 დაწინაურდა და კაკტუსელთა ყველაზე წარმატებული თამაში ამ ეპიზოდს მოჰყვა, როცა სოლიდური ჩამორჩენა ჟღენტის გუნდმა მინიმუმამდე შამცირა – 16:17.
თითქოს თამაში თანაბრად უნდა გაგრძელებულიყო, ისე დამაჯერებლად გააბათილეს კაკტუსელებმა ჩამორჩენა, თუმცა სწორი ტაქტიკისა და კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე უნივერსიტეტელებმა მალევე დაიბრუნეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა. ტაიმის მიწურულისთვის თსუ-ელები 10 ქულით დაწინაურდნენ და დიდი შესვენების შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
სწრაფი კონტრშეტევები, ფარქვეშა პოზიციური თამაში და საშუალო სროლები – ამ სათამაშო კომპონენტების კარგად შესრულებით ლაფანაშვილის გუნდს შეხვედრის ბოლომდე აღარ გასჭირვებია. მესამე პერიოდში უნივერსიტეტელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, “კაკტუსი” მეტოქეს ამ ზღვარზე ახლოს ვეღარ მიუახლოვდა.
თსუ-ელთა შორის 24 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ბრაის სმიტს, ხოლო ლუკა ზაქრაძემ უნივერსიტეტელებს 13 ქულა შესძინა. კაკტუსელთაგან 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ეი ჯეი სამბრი. სამაი ჰეინს-ჯონსმა 11 ქულა მოაგროვა.
3 მოგებითა და 2 მარცხით თსუ ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო “კაკტუსს” 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს და დაკარგული ქულების მხრივ ერთ-ერთი აუტსაიდერია.