თსუ–ს რეკორდები

თსუ–ს რეკორდები

გუშინ ბათუმში დაწყებული ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში
გაგრძელდა. დღის პირველ შეხვედრაში მიმდინარე სეზონის რეკორდი დაფიქსირდა. თსუ–მ
149:95 დაამარცხა ბოლოადგილოსანი „დინამო“. ამდენი ქულა მიმდინარე სეზონში არც ერთ
გუნდს არ ჩაუგდია.

აქამდე ერთი გუნდის მიერ ჩაგდებულ ქულათა მხრივ საუკეთესო შედეგი
შსს–ს ეკუთვნოდა. სხვათა შორის, „ძალოვნებმაც“ „დინამოსთან“ დაამყარეს რეკორდი,
როცა გასული წლის 6 ოქტომბერს დავით თორთლაძის გუნდს 121:66 მოუგეს.

რაც შეეხება დღევანდელ თსუ–„დინამო“–ს, შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა. სტუდენტებს
არ გაჭირვებიათ მეტოქის დამარცხება. პირველი პერიოდი თსუ–მ ათი  ქულით მოიგო, ხოლო მეორე პერიოდის შემდეგ
თამაშმა აზრი დაკარგა და თსუ–მ რეკორდის დამყარებაზე დაიწყო ფიქრი, რაც საბოლოოდ
გამოუვიდათ კიდეც.   აღსანიშნავია,
რომ  თსუ–ს შემადგენლობაში 20–ქულიან
ზღვარს ერთბაშად 4  კალათბურთელი გადასცდა.
მიხეილ ფანჩულიძეს 27 ქულა დაუგროვდა, ილია  
ლონდარიძეს – 24, მიხეილ ჩიტაშვილს – 26, ხოლო  მიხეილ ბერიშვილმა 27 ქულა მიითვალა.

რეკორდული გახლდათ ასევე თსუ–ს ცენტრის, ილია ლონდარიძის მიერ
მოგროვებული 20 მოხსნა. მიმდინარე სეზონში 19 მოხსნა სამჯერ დაფიქსირდა – ეს
შსს–ელმა დავით ბარბაქაძემ, სოხუმელმა რიჩარდ დამუსმა და თავად ილია ლონდარიძემ
მოახერხეს. ახლა კი ილიამ 1 მოხსნით მეტი მოაგროვა და მიმდინარე სეზონში ამ
სტატისტიკურ მაჩვენებელში ბადალი არ ჰყავს.

დინამოელთა შორის 32 ქულით თეიმურაზ თავამაიშვილი გამოირჩა.