სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც ქართული კლუბების 5-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა ევროტურნირზე, 8 ნოემბერს თბილისი არენაზე გერმანულ გიოტინგენს უმასპინძლებს. ეს ის გუნდია, ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში თსუ სტუმრად ღირსეულად რომ ებრძოლა და ბოლო წუთებზე ლიდერობდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა გერმანელებმა მოიგეს. ამჯერად გიოტინგენი თბილისში თამაშობს, გიოტინგენი საქართველოს დედაქალაქს ჯგუფის ლიდერის ამპლუაში ესტუმრა.
მას შემდეგ, რაც ჯგუფის პირველ ტურში შინ თსუ-სთან მარცხს გადაურჩა, გიოტინგენმა ზედიზედ 2 მატჩი მოიგო – იტალიაში “ვარეზესთან” (91:79) და შინ კვიპროსის “კერავნოსთან” (90:71). თსუ-ს გარდა გერმანულმა კლუბმა ჯგუფის ყველა წევრს იოლად მოუგო. რა იქნება მეორე წრის მატჩში, თბილისი არენაზე გამოჩნდება.
მატჩის წინა დღეს, 7 ნოემბერს, თბილისი არენაზე ორივე გუნდმა ივარჯიშა. სუპერლიგის ჩემპიონს კვლავ საკადრო პრობლემები აქვს. ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო ტაირი ბოიკინმა და ნოდარ გოგოძემ. პირველს ბოლომდე არ მოუშუშებია საზარდულის ტრავმა, რის გამოც ბოიკინმა იტალიაში “ვარეზესთან” მატჩი გამოტოვა. გოგოძეს კი მაღალი ტემპერატურა აქვს და თბილისი არენაზე არ იმყოფებოდა. ორივე მათგანის გიოტინგენთან თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
შეგახსენებთ თსუ-ს შედეგებსაც: ლექსო ლაფანაშვილის, ნიკა მსხალაიას და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა გერმანიაში ბოლო წამებზე დამარცხების შემდეგ შინ კვიპროსის კერავნოსს (63:60) მოუგო, ხოლო გასულ ოთხშაბათს იტალიაში “ვარეზესთან” 83:109 დამარცხდა.
ჯგუფიდან გარანტირებულად პირველადგილოსანი გადის. მე-2 ადგილიდან შემდეგ ეტაპზე 10 ჯგუფის 6 საუკეთესო გუნდი გავა. თბილისი არენაზე თსუ-სა და გიოტინგენის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.