დასრულდა სუპერლიგის მე-9 ტური, რომლის ბოლო მატჩში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ანგარიშით 92:78 დაამარცხა „სოხუმი“.
თსუ-სთვის
ეს იყო მეოთხე გამარჯვება მიმდინარე სეზონში, რამაც სტუდენტები ცხრილში მე-6 ადგილზე
აღაზევა. თამაში თანაბრად დაიწყო. სოხუმელები სტუდენტებს სათანადო
წინააღმდეგობას უწევდნენ, რაც მეტწილად მათი უკანახაზელის, ირაკლი ჩლაიძისა და მეფარე
ვახტანგ ქადარიას დამსახურება იყო. პირველ შესვენებაზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა
(22:22), რის შემდეგაც სტუდენტებმა ინიციატივა მოიპოვეს და დიდი შესვენებისთვის ხელჩასაჭიდი
უპირატესობა მოიპოვეს – 50:42.
მესამე პერიოდში სოხუმელებმა ჩამორჩენის მცირედით შემცირება
შეძლეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერს ბოლო მეოთხედი გადაწყვეტდა. ასეც მოხდა,
თუმცა შეხვედრა არ დაძაბულა. თსუ-ს უკანახაზელებმა შესანიშნავად ჩაითამაშეს შეხვედრის
უკანასკნელი პერიოდი. გივი ბაქრაძე, გიორგი ხანიაშვილი და ვახტანგ ჩქარეული შედეგიანად
უტევდნენ „სოხუმის“ ფარს, რომლებსაც ფარქვეშიდან ლუკა ნოზაძეც ეხმაურებოდა და თსუ გამარჯვებამდე
უპრობლემოდ მივიდა.
გამარჯვებულებს 22 ქულით გივი ბაქრაძემ ულიდერა, ხანიაშვილის
ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა. წაგებულთაგან ტრადიციულად ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა,
რომელმაც 30 ქულა მიითვალა და სუპერლიგის ბომბარდირობა გაიმყარა.
სუპერლიგის მორიგი ტური შუა კვირაში გაიმართება. 19
დეკემბერს მე-10 ტურის ხუთივე მატჩს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
გიორგი ჩხეიძე
(თსუ): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ბიჭებმა
ბოლომდე იბრძოლეს.ჩვენმა გუნდმა გამოასწორა შეცდომები და შედეგად ჩვენთვის პრინციპული
დაპირისპირება სოხუმთან მოვიგეთ. კმაყოფილი ვარ ბიჭების დაცვაში და შეტევაში თამაშით
და ამასთან დაკარგვების რაოდენობაც შემცირდა, რაც დღევანდელ რეზულტატზეც აისახა.
დიდი მადლობა აგრეთვე გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე აქტიურად გვიჭერდა მხარს.
ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმი): ძალიან უკმაყოფილო ვარ დღევანდელი თამაშით, ჰქონდათ
შეცდომები ბიჭებსაც და მეც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე. ასევე
უკმაყოფილო ვარ მსაჯობითაც.
გივი ბაქრაძე
(თსუ): უშუალო კონკურენტებთან ყველა დაპირისპირება მოვიგეთ.
სასიხარულოა სოხუმთან გამარჯვება, რასაც ვულოცავ თანაგუნდელებს. დიდი მადლობა გულშემატკივარს
მხარში დგომისთვის.
ირაკლი ჩლაიძე
(სოხუმი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ, გვქონდა ბევრი შეცდომა. უკმაყოფილო
ვარ პირადად ჩემი თამაშით, ვეცდებით გამოვასწოროთ ეს შეცდომები და მომავალში უკეთესი
შედეგი ვაჩვენოთ.
სუპერლიგა მე-9 ტური
ქუთაისი – შსს აკადემია 70:87
რუსთავი – ოლიმპი 65:76
არმია – დინამო 100:81
თსსუ – სტუ 85:77