ტიტები სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს

ტიტები სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გაირკვა სუპერლიგაში. დღეს, დიღმის არენაზე გამართულ ერთი შეხვედრის შედეგით გაირკვა, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილს საკალათბურთო კლუბი ტიტები დაიკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი ტიტები სუპერლიგაში საკუთარ ადგილს საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცავს, ხოლო მეტოქე “ა” ლიგის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგის ფინალში ტყიბულის ორბი და გორის ივერიონი ხვდებიან, რომლის გამარჯვებულის სუპერლიგაში გადავა, ხოლო დამარცხებულს უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოპოვება საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებით შეეძლება. სწორედ საკვალიფიკაციოში იქნება ტიტები “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული გუნდის მეტოქე.

არადა, ტიტებს შეეძლო, საკვალიფიკაციო ეტაპი თავიდან აეცილებინა, თუკი დღეს თსუ-ს მოუგებდა. იგებდნენ კიდეც, თუმცა ბოლო პერიოდში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მეტი ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინა და დაძაბულ ბრძოლაში – 105:101 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აღარ გაუმართლა ტიტების მანამდე უბადლოდ მოთამაშე კენდრიკ ტომპსონი, რომელმაც შეხვედრა 31 ქულითა და 10 პასით დაასრულა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

თსუ-ს შემადგენლობაში 27 ქულით საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი. 16 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარება ბექა ბექაურმა მოაგროვა. ნიკოლოზ დარბაიძემ თავი 23 ქულას მოუყარა, მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. ტიტებში ტომპსონის შემდეგ 21 ქულით და 7 პასით სანდრო სანაძე გამოირჩა. დარიუს ბელმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

ტიტები რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ვერას შეხვდება და მოგების შემთხვევაშიც კი მე-10 ადგილზე დარჩება.