სუპერლიგის მე-2 ტური შაბათ-კვირას თბილისში იმართება. შაბათს, 29 ოქტომბერს ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან 1 დასრულდა. საკალათბურთო კლუბმა “ტიტებმა’ დამაჯერებელი სხვაობით – 96:69 (სტატისტიკა) დაამარცხა “მეგა” და მიდმინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგის სადებიუტო ტურში ორივე გუნდი დამარცხდა და ცხადია, დღევანდელ შეხვედრაში თითოეულს ძალიან ეწადა გამარჯვება, რაც ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა ტიტებმა შეძლო და თან ისე, რომ საბოლოო ჯამში დიდად არ გასჭირვებია.
აღსანიშნავია, რომ მეგაში დებიუტი ერთბაშად 2 ამერიკელ ლეგიონერს – დეონ ჯოინერს და მარკუს გილსონს ჰქონდათ. ამის გათვალისწინებით, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვების ამბიცია ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მეტად უხეიროდ დაიწყო – 2:17 ჩამორჩა – წარმატების შანსი მაინც ჰქონდა. მეგას მოთამაშეებს თავიდან სროლა არ მისდიოდათ და როცა მიზანი გაისწორეს, ანგარიშში სხვაობამ ლღობა იწყო.
პირველი პერიოდის 11:20 წაგების შემდეგ მეგამ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 20:22, რის შემდეგაც გაჩაღდა თანაბარი ბრძოლა. ტიტები ლიდერობდნენ თუმცა მეტოქე კუდზე ეჯდა და დიდ შესვენებაზე სხვაობამ 3 ქულა შეადგინა, ხოლო მესამე პერიოდის ახალდაწყებულზე მეგამ ლიდერობა მოიპოვა. რონი როზიესა და მარკუს გილსონის მექულეობით ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 47:44 დაწინაურდა. ეს იყო და ეს: დარჩენილ დროში ტიტებმა ისე დალაგებულად ითამაშა, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. მესამე პერიოდში დარჩენილი 6-წუთიანი მონაკვეთი ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა 15:0 მოიგო და ბოლო პერიოდს 12-ქულიანი ლიდერობით (59:43) შეხვდა. აქ მეგა საბოლოოდ გატყდა და თამაში ისე ჩამთავრდა, ანგარიშში სხვაობა 10 ქულას არ ჩამოსცილებია.
ტიტების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ორდანე კანდა-კანინდამ, რომელმაც 33 ქულა, 7 ასი და 5 მოხსნა მიითვალა. 8 სამქულიანი (მიმდინარე სეზონის რეკორდი) და ჯამში 26 ქულა მიითვალა აკაკი ლომოურმა. კენდრიკ ტომპსონმა 16, ხოლო კვენტინ დევისმა 14 ქულა მოაგროვეს. მეგას რიგებში 19 ქულით საუკეთესო იყო რონი როზიე, ხოლო 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მარკუს გილსონმა გაიფორმა.