ტიტების გამარჯვება ბათუმში

ტიტების გამარჯვება ბათუმში

დღეს სუპერლიგის ერთი მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც სათამაშოდ მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი “ტიტები” ჩავიდა. სუპერლიგიდან გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, განსაკუთრებით კი სტუმრად მოპოვებული გამარჯვებაა მნიშვნელოვანი და ეს ტიტების კალათბურთელებმა მოახერხეს. თბილისურმა გუნდმა გია კაზანჯიანის გაწვრთნილი “ბათუმი” მისსავე მოედანზე 91:84 (სტატისტიკა) დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა.

ბათუმელებმა პირველი პერიოდი 24:22 მოიგეს, მაგრამ მეორე ათწუთეულიდან მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ტიტების კალათბურთელებმა მოახერხეს მობილიზება და საიმედო დაცვიდან შეტევაზე შედეგიანად ეწყობოდნენ. ამან ის ნაყოფი გამოიღო, რომ ყოველი მომდევნო პერიოდი ტიტების გამარჯვებით დასრულდა. 

თბილისურ გუნდში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა დავით ლომიძემ, რომელმაც 22 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 20 ქულა ტაილან ბირტსმა, ხოლო 17 – აკაკი ლომოურმა მიითვალა. ბათუმელებს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ ანტუან ჯონსონის სახით, რომელმაც თავი 28 ქულას მოუყარა. ბექა ბექაურმა 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. დღესვე თბილისში დაგეგმილი 1 მატჩი – მგზავრები – ცხუმ-აფხაზეთი ტექნიკური მიზეზით  გადაიდო. ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 20 მარტს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

ბათუმი VS ტიტები (სრული თამაში)