ოქტომბრის თვეში დუდუ დადიანის მემორიალის მომგებმა “ტიტებმა” სუპერლიგა მძიმედ დაიწყო. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი 4 მატჩიდან 3 წააგო და სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად დღეს თავისი კალიბრის მეტოქე ჰყავდა – 5 შეხვედრიდან 1 მოგების მქონე “დინამო”. ტიტების მოთამაშეებმა დიდებულად ჩატარებული მესამე პერიოდის ხარჯზე სასურველი შედეგი დააფიქსირეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი ლეჟავას გუნდმა 15 ქულით წააგო, საბოლოოდ გამარჯვება მაინც მას დარჩა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, მესამე ათწუთეულში “ტიტებმა” 27:10 იმარჯვა, 20 ქულით გალიდერდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვიტა. ბოლო მეოთხედში დინამოელებმა კი იძალეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ ლეჟავას გუნდმა 83:78 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა – 2 მოგება 3 მარცხის წილ.
რაც შეეხებათ დინამოელებს, 6 ტურის შემდეგ ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილ გუნდს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს.