“ტიტებმა” სუპერლიგის გახსნით მატჩში “კაკტუსს” 31 ქულით სძლია

“ტიტებმა” სუპერლიგის გახსნით მატჩში “კაკტუსს” 31 ქულით სძლია

1 კვირის წინ მოგებული დუდუ დადიანის თასის შემდეგ “ტიტებმა” გამარჯვებით გახსნა სუპერლიგა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი პირველი ტურის მატჩში “კაკტუსს”დაუპირისპირდა და ისე დაამარცხა, მეტოქისთვის არანაირი შანსი არ მიუცია. “ტიტებმა” ოთხივე პერიოდი მოუგეს მეტოქეს და საბოლოოდ 31 ქულის სხვაობით – 99:68 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს.

ლეჟავას გუნდი კარგად დაბალანსებულია და ფიზიკურადაც საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. ოთხივე ლეგიონერი სარგებლიანად ირჯება, ქართველი კალათბურთელებიც მონდომებით თამაშობენ და ლიდერ უცხოელებს ხელს კარგად აშველებენ. მოთამაშეები მთლიანობაში კარგად ართმევენ თავს მწვრთნელის მიერ ვარჯიშებზე დამუშავებულ კომბინაციებსა და ტაქტიკას. შედეგიც სახეზეა: “ტიტები” ამ მომენტისთვის მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდია.

პირველი პერიოდი ლეჟავას გუნდმა 26:13 მოიგო და მეტოქეს დაანახა, რომ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა. თავის მხრივ, “კაკტუსსაც” ჰყავს ლეგიონერები, თუმცა დღევანდელ მატჩში მათ მეტოქეს ვერ აჯობეს. ვერც ფარქვეშ და ვერც პერიმეტრზე “ტიტების” მოთამაშეთა დომინაციას არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსელები წინ ვერ აღუდგნენ და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

სხვა უპირატესობებთან ერთად აღსანიშნავია, რომ ტიტების მოთამაშეებმა 21-დან 21 საჯარიმო ჩააგდეს, რაც სუპერლიგაში იშვიათი შემთხვევაა. საუკეთესო შედეგი ჯავიონ ოგუნიემიმ დააფიქსირა, რომელმაც 20 ქულა ისე ჩააგდო, თამაშიდან მხოლოდ 2 ბურთი ააცილა. მან 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო მიითვალა. 20 ქულა დაგროვდა ისააკ ასრატის ანგარიშზეც, ხოლო ჯორდან რობერტსონმა 17 ქულა და 5 პასი მოაგროვა. ტიტების ქართველი კალათბურთელებიდან საუკეთესო შედეგი დავით აბულაძემ დააფიქსირა: 15 ქულა. “კაკტუსში” 16 ქულით რიკი მედისონი გამოირჩა, ხოლო ანდრე ფოქსის ანგარიშზე 13 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. 

სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები 22, 23 და 24 ოქტომბერს ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.