სუპერლიგის მორიგ მატჩებს დღეს თბილისმა და ქუთაისმა უმასპინძლეს. დედაქალაქის ოლიმპიურ სასახლეში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ტიტებს” უმასპინძლა და მარცხი განიცადა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” გამართული, შეუპოვარი და გააზრებული თამაშის წყალობით ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს 76:65 (სტატისტიკა) სძლია და სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად საჭირო ქულები მიითვალა. პირველი წრის 10 მატჩიდან ცხუმელებს ტიტებზე 2-ით მეტი მოგება ჰქონდათ მოპოვებული და შესაბამისად, ფავორიტებადაც ითვლებოდნენ, თუმცა ტიტების კალათბურთელებმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ შეხვედრის ბოლოს დაძაბულობის გარეშე მოიგეს.
მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც ტიტებმა 22:11 მოიგო. მანამდე კი ძალიან თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდურად დაწინაურებას, ლიდერი ხშირად იცვლებოდა და ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც – მეორე. პირველი პერიოდი ცხუმელებმა ქულით მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე მინიმალური სხვაობით უკვე ტიტები დაწინაურდნენ. მესამე ათწუთეულში უკვე ცხუმ-აფხაზეთმა იძალა და გადამწყვეტ პერიოდს გუნდები საყაიმო ანგარიშით (54:54) შეხვდნენ.
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა გადამწყვეტ მომენტში აქცენტი დაცვაზე გააკეთა და საკუთარ ფართან მისასვლელი გზები მაქსიმალურად გაუვალი გახადა. ცხუმელებს უჭირდათ სამწამიანში შესვლა, ხოლო შორიდან სროლები არ წაუვიდათ. ტიტების მოთამაშეებმა სწრაფი შეტევებით იხეირეს და მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე გაქცევა მოაწყვეს, რის შემდეგაც 9 ქულით დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობა საბოლოოდ იოლად შეინარჩუნეს. გადამწყვეტ მომენტში მარკოიშვილის გუნდს ლეგიონერებმა – ბრენდან აუგბორნსმა, ტაილან ბირდსმა და ჯორდონ თალიმ ულიდერეს. აღსანიშნავია დავით ლომიძის უმნიშვნელოვანესი ქულებიც, რის შემდეგაც ცხუმ-აფხაზეთს გამარჯვებისკენ გზა მოეჭრა.
26 ქულით, 10 მოხსნით, 6 პასით და 4 ჩაჭრით გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ტაილან ბირდსი. ბრენდან აუგბორნსმა 15 ქულა მოაგროვა, ჯორდონ თალის ანგარიშზე კი 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ცხუმ-აფხაზეთში კარგი დებიუტი ჰქონდა ჯოშუა მაკფოლს, რომელიც თავის გუნდში 20 ქულით ბომბარდირი გახდა. 11 ქულა ტაილერ გრინმა მიითვალა.
რაც შეეხება ქუთაისში გამართულ შეხვედრას, სატურნირო ჭრილში ძალიან მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. “ვერამ”, რომელიც ამ მატჩამდე 3 მოგებით ბოლოსწინა ადგილზე იყო, სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ “ქუთაისს” 96:71 (სტატისტიკა) სძლია. ქუთაისელებმა პირველი წრე ერთადერთი წაგებით დახურეს, თუმცა მეორე წრის პირველივე შეხვედრა უშანსოდ წააგეს. ქუთაისელებს ფრიადი მიზეზი გააჩნიათ – კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი 1 ლეგიონერით თამაშობდა, ხოლო 3 უცხოელი – კაჰიმ რენსომი, დე ჟუან რაითი და ლიუკ მოიერი ტრავმების გამო აკლდა. ასეთ ვითარებაში მასპინძლებმა მეტოქეს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს წინააღმდეგობა. მეორეში, განსაკუთრებით კი მესამე ათწუთეულში ვერელებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და 30-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს. შეხვედრის ბოლო პერიოდმა აზრი დაკარგა და საბოლოოდ ვერელებმა მათთვის უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.
ვერელთაგან 27 ქულით აარონ პარკსი გამოირჩა. 21 ქულა და 10 მოხსნა ჯოშ ჰავლის ანგარიშზეა. 11 ქულა გივი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა. რაც შეეხებათ ქუთაისელებს, 16 ქულითა და 7 მოხსნით ჟოელ ალმეიდა გამოირჩა. 17 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.