ტიტებმა უშუალო კონკურენტი ვერა დაამარცხა და ცხრილში დაწინაურდა

ტიტებმა უშუალო კონკურენტი ვერა დაამარცხა და ცხრილში დაწინაურდა

2022 წლის ბოლო ტურის ხუთივე მატჩი დღეს, თბილისსა და რუსთავში გაიმართება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 შეხვედრიდან პირველი უკვე დასრულდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” კონკურენტი “ვერა” დაამარცხა და სამმატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა. ამ გუნდებს მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცოტა – 2-2 მატჩი ჰქონდათ მოგებული და ბოლო ადგილებს იყოფდნენ. შესაბამისად, ორივე მათგანისთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბესიკ ლეჟავასა და ლევან ჯაფარიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” მეტოქე დამაჯერებლად – 82:69 (სტატისტიკა) დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

არადა, მატჩი ვერელთა შედეგიანი თამაშით დაიწყო. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა დებიუტში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მარტის კიმბროს სამქულიანის შემდეგ ვერა 13:4 დაწინაურდა, თუმცა ტიტების პასუხი მყისიერი და შედეგიანი იყო. მოედანზე გამოვიდა ლიუკ მოიერი, რომელმაც ტიტების შეტევებს სისწრაფე და შედეგიანობა შემატა. პირველი პერიოდი ვერელებმა 16:10 მოიგეს, თუმცა მეორედან ტიტებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და  მალევე გალიდერდნენ. 

მეორე პერიოდი ტიტებმა 13 ქულის სხვაობით – 25:12 მოიგო და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი ლიდერობით გავიდა. ლეგიონერებთან – ლუკ მოიერთან და კვენტინ დევისთან ერთად ტიტებს აკაკი ლომოური ლიდერობდა. მესამე პერიოდში ლეჟავას გუნდმა გააგრძელა შედეგიანი თამაში და ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა. გამარჯვებულის ვინაობაც აქ გაირკვა. ვერელებს თამაშის გადასარჩენად არც დრო დარჩათ და არც რესურსი. გამარჯვებულ ტიტებს 17-17 ქულით დევისმა და მოიერმა ულიდერეს. აკაკი ლომოურმა გუნდს 16 ქულა შეაშველა, გუჯა ბირკაიას ანგარიშზე 10 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. ვერაში 26 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე, 11 ქულა მიხეილ ჭოჭუამ მოაგროვა.

ამ მოგებით ტიტები მოპოვებული გამარჯვებებით ქუთაისს, მეგას და ბათუმს გაუთანაბრდა, თუმცა ამ გუნდებს ამ ტურის მატჩები სათამაშო აქვთ.