ტიტებმა ვერას დამაჯერებლად მოუგო, მეგამ ბათუმში ოვერტაიმში იმარჯვა

ტიტებმა ვერას დამაჯერებლად მოუგო, მეგამ ბათუმში ოვერტაიმში იმარჯვა

სუპელრიგის მორიგი ტური საინტერესოდ დასრულდა. გუნდებმა, რომლებიც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან და სუპერლიგაში დარჩენასთან ერთად პლეი ოფში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან, შედარებით მოწინავე მეტოქეები დაამარცხეს. თბილისში “ტიტებმა” 95:85 (სტატისტიკა) სძლია “ვერას”, ხოლო ბათუმში მასპინძელთა გუნდმა ახალ საკალათბურთო დარბაზში “მეგასთან” ოვერტაიმში წააგო – 67:70 (სტატისტიკა).

ბათუმელებს ამ მარცხით გაუმრუდდათ წარმატებული სერია, რომელიც მიჯრით 4 მოგებულ მატჩს შეადგენდა. ბუბა ბერიშვილის გუნდმა შთამბეჭდავი სერია მოაწყო და ზედიზედ მოგებული მატჩების შედეგად ლიდერებში გაერია, ერთი მომენტი მე-3 ადგილზეც იყო, თუმცა დღევანდელმა მარცხმა ცხრილის შუამდე დააქვეითა. ბათუმელებს პლეი ოფს მიღმა დარჩენა არ ემუქრებათ, აი, მათ დღევანდელ ოპონენტს კი მოგება ჰაერივით სჭირდებოდა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ “მეგას”, რომელიც სუპერლიგაში დებიუტანტია, ასევე წარმატებული სერია ჰქონდა, თუმცა წინა ტურში “ოლიმპთან” დამარცხდა, რითაც პლეი ოფს მიღმა დარჩენის საფრთხე დაემუქრა. მეგა ასევე სუპერლიგაში დასარჩენადაც იბრძვის და ამ პრობლემის გადასაჭრელად დღევანდელი გასვლითი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო.

სუპერლიგაში დასარჩენ გადათამაშებაში რომ არ მოხვდეს, გუნდმა მინიმუმ მე-9 ადგილი უნდა დაიკავოს და ამ მხრივ დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა “ტიტებმაც”, რომლის ოპონენტ “ვერას” პირველ წრის შემდეგ 8 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა. ამით ვერელებს სუპერლიგიდან გავარდნის საფრთხე არიდებული ჰქონდათ, თუმცა თუ ასე წარუმატებლად გააგრძელეს რეგულარულ ჩემპიონატში ასპარეზობა, შეიძლება პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდს შორის ვერ მოხვდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა მეორე წრის 6 მატჩიდან 5 წააგეს. ეს ერთის მხრივ შემადგენლობის შესუსტებითაა გამოწვეული (2 ლეგიონერი გამოაკლდათ), თუმცა ამის მიუხედავად ამდენი წაგება ვერელთა კონცენტრაციის და ბრძოლისუნარიანობის შესუსტებაზე მიუთითებს.

“ტიტებმა” ბოლო 2 მატჩი მოიგო – “კაკტუსთან” და დღეს “ვერასთან”, რითაც ცხრილში პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში გუნდებს 4-5 თამაში აქვთ დარჩენილი და წინ საკმაოდ დიდი ბრძოლები გველის.