სუპერლიგის მე-3 ტური დასრულდა. ბოლო მატჩი მწირქულიანი გამოდგა, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “ტიტებმა” 65:57 (სტატისტიკა) სძლია “ვერას” და 2-დან 2 მოგებით იმ 4 გუნდს შორისაა, რომლებსაც სუპერლიგაში ქულები არ დაუკარგავთ.
შეხვდრა საკმაოდ ხარვეზებით დატვირთული გამოდგა. ანგარიში რომ ნელა იზრდებოდა, ეს გუნდების დაცვაში ყოჩაღობის დამსახურება ნაკლებად იყო. უფრო მეტი ტექნიკური წუნი და აცილებული ბურთები გახლდათ, რაც ანგარიშის გაზრდას ხელს უშლიდა. პირველი პერიოდი “ვერამ” 17:12 მოიგო, ხოლო მეორეში ტიტებმა 12:8 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 25:24 იყო ვერელთა სასარგებლოდ.
მესამე პერიოდიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და კვანძი ბოლოსკენ გაიხსნა. პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე “ვერა” 37:36 ლიდერობდა, როცა “ტიტების” ამერიკელი ფორვარდის, ტაილან ბირდსის დრო დადგა. მან ზედიზედ 7 ქულა მოაგროვა და ბოლო პერიოდის წინ მარკოიშვილის გუნდი 44:37 დაწინაურდა.
“ტიტებმა” ბოლო პერიოდშიც გააგრძელა შედეგიანი თამაში და გიორგი ჯაფარიძის ზედიზედ 2 ზუსტი სამქულიანის შემდეგ 50:37 გალიდერდა. აქ ვერელები საბოლოოდ გატყდნენ და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს 17 ქულითა და 8 მოხსნით ბირდსმა ულიდერა. 16 ქულა და 13 მოხსნა ბრენდან აუგბორნსმა მიითვალა, 9 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ჯორდონ თალის დაუგროვდა. ვერელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია, გივი ბაქრაძემ შეხვედრა 15 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა.
სუპერლიგის მე-4 ტურის მატჩები 6, 7 და 8 ნოემბერს – რუსთავსა და თბილისში გაიმართება.