საპლეიოფო სერია გაიხსნა მეოთხედფინალური სერიების ყველაზე ტოლ-ძალოვან წყვილში, სადაც ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 ადგილებზე გასული გუნდები – შესაბამისად გაუ და ტყიბულის ორბი ხვდებიან. მოედნის უპირატესობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდ გაუ-ს ჰქონდა, რომელიც დღევანდელი მატჩის შემდეგ ორბს გადაეცა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულის გუნდმა თბილისი არენაზე გაუ-ს 89:81 (სტატისტიკა) სძლია და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ეს იყო ძალიან თანაბრად მიმდინარე მატჩი, რომელშიც უმეტესწილად სტუმარი გუნდი ლიდერობდა, თუმცა ბევრით არა. ორბის უპირატესობა 9 ქულას არ გასცილებია, უმეტესწილად კი 2-4 ქულას შეადგენდა. მატჩის შუაწელში გაუ დაწინაურდა კიდეც, მაგრამ დროებით – ტყიბულის გუნდმა ლიდერობა მალევე დაიბრუნა და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.
ორბს დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი, რაიან ჰოლანდი, რომელმაც დღევანდელ მატჩში რვავე ორქულიანი ააცილა, თუმცა 8 მოხსნითა და 6 პასით თავისიანებს გვარიანად დაეხმარა. ორბს არ უჭირდა, რადგან უკანა ხაზში კიდევ ერთი გამრჯე ამერიკელი, კენი კუპერი იშტაზე იყო და საბოლოოდ მოგროვებული 25 ქულითა და 5 პასით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ჯონ ნეიგლის, რომელმაც 15 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. გაუ-ს შემადგენლობაში 22 ქულით ენდრიუ ლუისი გამოირჩა, 17 ქულა ჰქონდა აიზია სმოლს.
სერიის მე-2 შეხვედრა ისევ თბილისი არენაზე, 22 აპრილს, 18:30 საათზე გაიმართება.