ტყიბულის ორბმა თბილისში კავკასია დაამარცხა

ტყიბულის ორბმა თბილისში კავკასია დაამარცხა

სუპერლიგის მე-7 ტურის რიგით მე-2 მატჩი დასრულდა. ერთმანეთს კონკურენტი გუნდები, თითო გამარჯვების მქონე კსუ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)და ტყიბულის ორბი შეხვდნენ. მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით – 86:75 (სტატისტიკა) დასრულდა.

ტყიბულელებმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხეს, რომლის დაწყებამდეც 6 ქულით ჩამორჩენოდნენ. დასკვნითი პერიოდი ორბმა 30:13 მოიგო და სუპელრიგაში მე-2 გამარჯვება (4 წაგების წილ) მოიპოვა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვება გუნდური თამაშის წყალობით მოიპოვა, თუმცა იყვნენ მოთამაშეები, რომელთა წილიც გამორჩეულია. 

ბოლო პერიოდში, როცა ორბმა ჩამორჩენა გააბათილა და დაწინაურდა, დონდრე რედიკი, ბექა ლომაშვილი და ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩნენ. პირველი ქულას ქულაზე აგროვებდა, მეორე ფარქვეშ პოზიციულად იბრძოდა და ბურთებსაც აგდებდა, ლიკლიკაძე კი ბურთის გათამაშებით, პასების განაწილებით იყო დაკავებული. როცა ამ სამეულს ხელი დანარჩენებმაც შეაშველეს, ორბის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგა.

ორივე გუნდს 2 მოგება შერჩა, თუმცა სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, ჯერ ადრე რამეზე ლაპარაკი. მხოლოდ პირველ ადგილზე მყოფი თსუ-ა წინ გაჭრილი, რომელიც ჩემპიონატს 6-დან 6 გამარჯვებით ლიდერობს. ცხრილის მესამე და ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს შორის სხვაობა 2 ქულაა. 6 გუნდს თანაბარი ქულები აქვთ. 

რაც შეეხება მატჩის გამორჩეული სტატისტიკის მქონე მოთამაშეებს: ორბში რედიკს 24 ქულა ჰქონდა. დეჯიონ ჰენდერსონმა 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ბექა ლომაშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. 11-11 ქულით დაასრულეს შეხვედრა ლუკა ლიკლიკაძემ (პლუს 6 პასი) და ლუკა ხარაბაძემ. კავკასიაში 15 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ტურძილაძე. 21 ქულით ბომბარდირი გახდა შამარ რაითი.