სუპერლიგის მორიგი შეხვედრა ტყიბულში გაიმართა. იმერული დერბი სავსე დარბაზში, ადგილობრივი გულშემატკივრების ემოციური ქომაგობის თანხლებით წარიმართა. ირაკლი ტომარაძის, ნინო ყიფშიძისა და გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილმა ორბმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგის დებიუტანტმა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი გუნდი – “ქუთაისი 2010” დაამარცხა. ტყიბულელთათვის ეს მიმდინარე სეზონში მე-3 გამარჯვება იყო და ამ შედეგით ორბი რუსთავსა და რაშს გაუთანაბრდა.
რაც შეეხება ქუთაისს, კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია აქვს. ქუთაისელებმა წინა ტურში საშინაო შეხვედრა კავკასიასთან დათმეს, მის წინ კი გორში, ივერიონთანაც დამარცხდნენ. მიჯრით წაგებული 3 მატჩი ამბიციური ქუთაისისთვის მიუღებელი შედეგია.
თუკი კავკასიასთან წინა ტურში ტუღუშის გუნდს მოგება ხელიდან ბოლო წამებზე გამოეცალა, ტყიბულში ასე არ ყოფილა. თანაბრად მიმდინარე მატჩის კვანძი ბოლო პერიოდში გაიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მატჩის შედეგის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშა ტყიბულელთა ამერიკელი ლეგიონერის, ჯონ ნეიგლი III-ის სიზუსტემ.
ნეიგლი სასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტიც ითამაშა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მოედანზე ბოლო პერიოდში გამოჩენა იყო. ნეიგლი მოედანზე მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაუბრუნდა და 4 წუთის მანძილზე 2 საჯარიმო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2 სამქულიანი ჩააგდო. მის სამიანებს შორის შორი სროლა ჩააგდო რაიან ჰოლანდმაც და მატჩის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე ორბი 93:85 დაწინაურდა.
ეს გამარჯვებას ნიშნავდა და ტყიბულელებმა დარჩენილი დრო სტრატეგიულად გამართულად ჩაამთავრეს და შეხვედრა 98:88 (სტატისტიკა) მოიგეს. ორბში საუკეთესო შედეგი რაიან ჰალანდმა დააფიქსირა, რომელმაც 35 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ნეიგლის ანგარიშზე 21 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. კენი კუპერმა 16 ქულა მოაგროვა, ხოლო მაიკლ ედვარდსმა – 14. 23 ქულითა და 7 მოხსნით ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, 18 ქულა და 9 მოხსნა მარქუს გილსონმა მიითვალა.
სუპელრიგის მე-9 ტური გორში, ივერიონისა და რუსთავის მატჩით დასრულდება.
ფოტო: სკ ქუთაისი 2010
ფოტო: BC ORBI