ტყიბულში გამართულ სუპერლიგის მატჩს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო

ტყიბულში გამართულ სუპერლიგის მატჩს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურის – მთლიანად კი მიმდინარე სუპერლიგის 144-ე შეხვედრა ტყიბულში გაიმართა. იმერეთის კალათბურთის ფედერაციის ინიციატივას “ქუთაისის” მეტოქე “მარნეული” დათანხმდა, იდეას მხარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დაუჭირა და შეხვედრას ტყიბულის განახლებულმა და კომფორტულმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

მატჩზე დასასწრებად ტყიბულში ჩავიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული და ფედერაციის თანამშრომლები. ტყიბულის სპორტის სასახლეში, ცხადია, იმერეთის კალათბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ. საკალათბურთო მატჩის ტყიბულში გამართვა 5 აპრილს დაღუპული 6 მეშახტის ხსოვნის პატივის მიგებას და მათი ოჯახებისთვის და მთლიანად ქალაქის მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ემსახურებოდა. 

ამასთან ერთად, ტყიბულში სუპერლიგის მატჩის ჩატარება ამ ქალაქში სპორტული ცხოვრების გააქტიურებას, მოზარდების კალათბურთით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მასობრივად ქცევას შეუწყობს ხელს. რამდენიმე დღის წინ სწორედ ტყიბულმა უმასპინძლა იმერეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ რეგიონის ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, რომლის გამორჩეული მოთამაშეებიც   სუპერლიგის მატჩის შესვენებაზე პაატა გურასპაულმა და რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს. შეხვედრის დასწებამდე დარბაზში მყოფებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში ტრაგიკულად დაღუპულ მეშახტეებს.

თავად მატჩს სატურნირო მნიშვნელობით დატვირთვა არ ჰქონდა. რეგულარული ჩემპიონატის ცხრილში ყველა ადგილი განაწილებული იყო და მომავალი საპლეიოფო წყვილებიც ცნობილი გახლდათ. სწორედ “ქუთაისმა” და “მარნეულმა” შეადგინეს ერთ-ერთი მეოთხედფინალური წყვილი და 7 მაისიდან 2 მოგებამდე განგრძობად საპლეიოფო სერიასაც დაიწყებენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ცხადია, გუნდებმა საპლეიოფო ორთაბრძოლის წინ სრული არსენალი არ გამოაჩინეს და ის, რომ ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ამ გუნდების რეალურ ძალთა ბალანსს არ ასახავს.

შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა 3 ქულით ჩამორჩენილმა მარნეულელებმა სამქულიანი ააცილეს და დეჟან რაიტმა ზუსტი სწრაფი შეტევის შემდეგ ქუთაისელები მიუწვდომლები გახადა – საბოლოოდ 96:91. იმერულ კლუბში ორმაგი დუბლი მოაგროვა და ყველაზე შედეგიანი გახლდათ აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა ბექა ბექაურმა. 15-15 ქულა გიორგი ბარბაქაძის და დეჟან რაიტის ანგარიშზეა. “მარნეულში” 23 ქულით საუკეთესო იყო საბა ლობჟანიძე, 20 ქულა მიითვალა დეანდრე რეიმ, ხოლო ლევან ელიაძემ ქვემოქართლელებს 17 ქულა შესძინა. 

პლეი ოფი 5 მაისს, “დინამოსა” და “ოლიმპის” დაპირისპირებით დაიწყება.

ქუთაისი – მარნეული
სტატისტიკა: 96:91

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს თამაში ტყიბულში ჩატარდა. დიდი მადლობა ჩვენს დღვანდელ მეტოქე “მარნეულს”, რომელიც დაგვთანხმდა ამ წინადადებაზე, ჩამოვიდა ტყიბულში და ვფიქრობ, რომ ამ ქალაქისთვის, მთლიანად ქართული კალათბურთისთვის ძალიან გამორჩეული დღე იყო. გავიმეორებ, რომ ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ, მით უმეტეს, რომ წინ საქართველოს თასის ფინალი გვაქვს და ბევრი რამის გამოსწორება გვმართებს”.

საბა ლობჟანიძე – “მარნეულის” კალათბურთელი:

“პირველ რიგში, ვიზიარებ ამ ქალაქში მომხდარ ტრაგიკულ ამბავს. მივესალმები, რომ ეს მატჩი ტყიბულში ჩატარდა. მაყურებელიც ბლომად იყო, აქტიურობდა და ეს კარგ აურას ქმნიდა სათამაშოდ. “ქუთაისი” ფავორიტი, კარგად დაკომპლექტებული და ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად და მიზანთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ბოლოს გადაღლილობამ იჩინა თავი და დავმარცხდით. წინ პლეი ოფია, მოვემზადებით და იმედი მაქვს, უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ”.