ცინცაძის წინამძღოლობით თსუ-მა მარგვეთს დამაჯერებლად სძლია

ცინცაძის წინამძღოლობით თსუ-მა მარგვეთს დამაჯერებლად სძლია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იოლი გამარჯვებით დაიწყო ნახევარფინალური სერია. პირველ მატჩში, რომელიც თბილისი არენაზე გაიმართა, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ-ის გამარჯვებით – 97:78 (სტატისტიკა) დასრულდა. მარგვეთმა, რომელიც სეზონის ყველაზე ხმაურიანი ამბის შემოქმედია, უშანსოდ წააგო, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ნახევარფინალური სერია 3 გამარჯვებამდეა, თსუ კი ჯერ მხოლოდ 1:0 დაწინაურდა. 

მარგვეთმა მეოთხედფინალური სერიიდან ოლიმპი გააგდო. ოლიმპმა თსუ-ს რეგულარული ჩემპიონატის ორივე მატჩი მოუგო, ცხრილში კი პირველი ადგილი დაიკავა მეოთხედფინალში მარგვეთთან უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა…ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა ოლიმპი მეოთხედფინალიდან გააგდო და თსუ-თანაც საბრძოლველადაა შემართული. 

ეგაა, პირველ მატჩში მარგვეთს არაფერი გამოუვიდა. დიდებულად ითამაშა თსუ-ს ვეტერანმა გამთამაშებელმა, ეროვნული ნაკრების წევრმა და რეკორდსმენმა, გიორგი ცინცაძემ. რომ იტყვიან, ცინცაძემ თამაში გააკეთა. ის დირიჟორობდა უნივერსიტეტელთა შეტევებს და პასებთან ერთად ქულებსაც იხვეჭდა. ცინცაძემ მიმდინარე პლეი ოფის რეკორდი დაამყარა 12 პასით, მთლიანობაში კი სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 12 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

თამაშის საწყის წუთს თუ არ ჩავთვლით, მარგვეთი ამ შეხვედრაში წინ არ ყოფილა. თსუ-მა პირველი პერიოდი 27:17 მოიგო და მას შემდეგ მარგვეთი გამუდმებით, თუმცა ამაოდ ცდილობდა წამოწევას. რამდენჯერმე სხვაობა 10 ქულას ჩამოსცდა, თუმცა ლექსო ლაფანაშვილის წუთშესვენებები და ტაქტიკური გადაადგილებები თავის საქმეს აკეთებდა. მარგვეთმა გასაღები ვერ მოუძებნა თსუ-ის მწყობრ დაცვას. 

ბოლო პერიოდში, როცა წესით მარგვეთს გადამწყვეტი იერიში უნდა მიეტანა მეტოქეზე, პირიქით მოხდა. უნივერსიტეტელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მოედანზე სათადარიგოები გამოჩნდნენ, რაც შეხვედრის ბედი გარკვევას ნიშნავდა. საუკეთესო გიორგი ცინცაძის კვალზე თსუ-ში მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა – 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. 23 ქულა მოინაგრა ჯიმონ ჰენსონმა, 13 ქულა და 6 პასი მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზეა. მარგვეთში 20 ქულითა და 8 პასით საუკეთესო იყო რონი როზიე. 18 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა მიითვალა.

ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 7 მაისს, კვლავ თბილისი არენაზე გაიმართება.