საკალათბურთო სუპერლიგის მატჩი გაიმართა დღეს ბათუმში, სადაც სათამაშოდ “ცხუმ-აფხაზეთი” ჩავიდა. შეხვედრა ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში, მაყურებლების გარეშე გაიმართა, პირდაპირი ტრანსლაცია კი კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე, პარტნიორი კომპანია Genius Sports-ის დახმარებით განხორციელდა.
მატჩი სტუმართა გამარჯვებით – 85:74 (სტატისტიკა) დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა საკმაოდ ამბიციურ “ბათუმს” მისსავე მოედანზე საკმაოდ იოლად აჯობეს. პირველი და მეორე პერიოდები სტუმრებმა დამაჯერებლად, შესაბამისად – 26:14 და 25:20 მოიგეს და მოპოვებული 17-ქულიანი ლიდერობით დიდ შესვენებაზე საკმაოდ გულდამშვიდებულნი გავიდნენ.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, მაგრამ არა იმდენად, რომ თამაშისთვის დაძაბულობა შეეძინათ. მესამე პერიოდი ბათუმელებმა 24:17 მოიგეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. ეს სხვაობა მთელი პერიოდისთვის გასაბათილებლად უსაშველო იყო, მაგრამ არა იმ რესურსის გუნდისთვის, როგორიც “ბათუმია”. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა ვერაფერი მოუხერხეს მწყობრად მოთამაშე ცხუმელებს და საბოლოოდ ისე წააგეს, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
“ცხუმ-აფხაზეთში” საუკეთესო იყო ეროვნლი ნაკრების დებიუტანტი ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 16 ქულა ტაილერ გრინმა, ხოლო 14 – რაჰიმ ჯონსონმა მიითვალეს. 10-10 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილისა და გიორგი შარაბიძის ანგარიშზე დაგროვდა. “ბათუმში” 25 ქულით საუკეთესო იყო პეტარ არანიტოვიჩი, ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
4 მოგებითა და 2 მარცხით “ცხუმ-აფხაზეთი” ცხრილში მე-3 ადგილზეა, ბათუმელებს კი მოგებ-წაგებათა საპირისპირო შეფარდება აქვთ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან. სუპერლიგის მორიგი მატჩები 12 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: თსუ – რუსთავი 12:00, კაკტუსი – ვერა 14:30
ფოტო: ნატალი ქუთელია