დღეს ჩატარდა მეორე წრის მე-6 ტურში შეწყვეტილი მატჩი. 19 მარტს ერთმანეთს “მგზავრები” და “ცხუმ-აფხაზეთი” დაუპირისპირდნენ, თუმცა დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო შეხვედრა მეორე პერიოდის შუაში შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. აღნიშნული მატჩი დღეს განახლდა და ცხუმელთა გამარჯვებით – 90:66 (სტატისტიკა) დასრულდა.
დებულების თანახმად, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შეწყვეტილი მატჩი არსებული ანგარიშიდან გრძელდება. ამიტომაც, დღეს შეხვედრა მგზავრების სასარგებლო ანგარიშით – 30:21 და მეორე პერიოდის 04:41 წუთიდან დაიწყო. როცა ეს თამაში შეწყდა, ანუ 19 მარტს მგზავრებს სუპერლიგაში დარჩენის შანსი კიდევ ჰქონდათ. დღეს კი ბუბა ბერიშვილის გუნდისთვის უმაღლესში დარჩენის თეორიული შანსიც არ არსებობს. ამიტომაც, გუნდი უცხოელმა ლეგიონერებმა დატოვეს და დღევანდელ შეხვედრაში მგზავრები განწირული იყო.
შეხვედრა მგზავრების 9-ქულიანი უპირატესობით კი განახლდა, მაგრამ საბოლოოდ ცხუმ-აფხაზეთმა 24-ქულიანი უპირატესობით მოიგო და სუპერლიგის პლეი ოფში ოფიციალურად გავიდა. 10 მოგებითა და 8 წაგებით ნიკოლო ჩერქეზიშვილის გუნდი მე-3 ადგილზეა და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 2 მატჩიც რომ წააგოს, საუკეთესო 8 გუნდში მაინც მოხვდება.
დღევანდელ მატჩში ცხუმ-აფხაზეთს 22 ქულით ჯოშუა მაკფოლმა ულიდერა. 14-14 ქულა რაჰიმ ჯონსონმა და ალექსანდრე ფევაძემ მოაგროვეს. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. მგზავრებში 12 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე.
მომდევნო, ბოლოსწინა ტურის მატჩები 8 და 10 აპრილს, შესაბამისად – ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.