“ცხუმ-აფხაზეთმა” სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლზ ჩერქეზიშვილის გუნდმა საკმაოდ სოლიდურ “კაკტუსს” მოუგო. 3 ლეგიონერით გაძლიერებულმა კაკტუსელებმა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფიდან გააღწიეს, სუპერლიგის პირველ ტურში კი “მგზავრები” დაამარცხეს. ამ შედეგების გათვალისწინებით, არჩილ ჟღენტის გუნდი მოგების უფრო რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, ვიდრე ამ ეტაპისთვის მხოლოდ 1 ლეგიონერის მყოლი “ცხუმ-აფხაზეთი”, რომელმაც პირველ ტურში “ტიტებთან” უშანსოდ წააგო.
შესანიშნავად ითამაშა “ცხუმ-აფხაზეთის” ახალგაზრდა ფორვარდმა ნიკა ჩეჩელაშვილმა, რომელმაც 24:33 წუთში 20 ქულა ჩააგდო. ზოგადად, “ცხუმ-აფხაზეთის” ყველა კალათბურთელი ძალიან მონდომებული იყო და გამარჯვებაში ყველამ სოლიდური წვლილი შეიტანა.
თანაბარი თამაშის შემდეგ ცხუმ-აფხაზელთა უპირატესობა მესამე პერიოდში გამოიკვეთა, რომელიც დასკვნით პერიოდში გამყარდა. ჩერქეზიშვილის გუნდმა 18-ქულიან ლიდერობას უწია და მიუხედავად იმისა, რომ დასრულებამდე 7 წუთი იყო, მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა – 75:63 (სტატისტიკა).
ჩეჩელაშვილთან ერთად გამარჯვებულთა შორის 19 ქულითა და 9 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა. 14 ქულა მიითვალა ნოდარ გოგოძემ, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. “კაკტუსში” 18 ქულით სამაი ჰეინს-ჯონსი გამოირჩა, ეი ჯეი სამბრის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 25 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
დინამო – ბათუმი 13:00, თსუ – მგზავრები 15:30.