სოციალური კლიპი
„წლის წიგნი
2013-2014“ – საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ რიგით მესამე ჟურნალი გამოსცა,
სადაც თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება გასულ სეზონში გაუწია.
ჟურნალის პრეზენტაცია
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ მოეწყო, სადაც თავი ყველა თაობის წარმომადგენლებმა
მოიყარეს. „წლის წიგნთან“ ერთად გაიმართა კალათბურთის პოპულარიზაციისთვის გადაღებული
ვიდეო-რგოლის – „ვითამაშოთ კალათბურთის“ პრეზენტაციაც.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან
ერთად „წლის წიგნის“ პრეზენტაციას ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტული განვითარების
მენეჯერი კოსტა ილიევი დაესწრო. „ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ თავი მოიყარეს ვეტერანებმა, გოგონათა და 14-წლამდელთა
ნაკრებების წევრებმა, სუპერლიგის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა და, რა თქმა უნდა, სპონსორმა კომპანიებმა.
ჟურნალში შესული
ღონისძიებების ორგანიზებაში კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დიდი დახმარება გაუწიეს სპონსორებმა და მხარდამჭერებმა.
თავად ჟურნალის გამოცემაშიც სპონსორების – კომპანია „ბორჯომის“ და ,,პსპ’’-ს, აზარტული
თამაშების კომპანია „ევროპა-ბეთისა“ და აუდიტორული კომპანია „ცოდნისას“ როლი უმნიშვნელოვანესია.
მისასალმებელია,
რომ „წლის წიგნის“ მოცულობა და ტირაჟი წლიდან წლამდე იზრდება. ყოველსეზონურად იმატებს
როგორც ჩატარებული თამაშების რაოდენობა, ისე ღონისძიებათა რიცხვი. კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ მუშაობის არეალი გააფართოვა, პირველად ისტორიაში
ჩატარდა 3X3 კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ფიბა უდიდეს ყურადღებას
აქცევს.
სოციალური კლიპი
– „ვითამაშოთ კალათბურთი“, ცნობილმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო და მასში საქართველოს
ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად ახალი თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. „ბავშვთა
და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ „წლის წიგნის“ პრეზენტაციის შემდეგ ზემოთაღნიშნული
კლიპის ჩვენებაც გაიმართა.
ღონისძიება სადღესასწაულო
ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელზეც გამოსახული იყო „წლის წიგნი 2013-2014“.