წრე დასრულდა, ტრანსფერები – დაიწყო

წრე დასრულდა, ტრანსფერები – დაიწყო

პირველმა წრემ ყველა
გუნდს კარგად დაანახა საკუთარი ძალა. კლუბების მეპატრონეებმა ის პოზიციები განსაზღვრეს, რომლებშიც გაძლიერება სჭირდებოდათ. ამ
მხრივ ყველაზე მეტად შსს გამოირჩა, რომელსაც 3 სოლიდური შენაძენი ჰყავს.

შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდმა ჩემპიონატი 6 მოგებით დაიწყო, მაგრამ არჩილ ჟღენტის გუნდმა
რამდენიმე შეხვედრაში ბეწვის ხიდზე გაიარა და საერთოდაც, „ძალოვანთა“ თამაში არ
იყო ისეთი დამაჯერებელი, რომ კლუბის მეპატრონეები არხეინად ყოფილიყვნენ და
შემადგენლობის როტაციაზე არ ეფიქრათ. 6 მოგებას შსს–ელებმა 3 მარცხი მოაყოლეს და
ცხრილში პოზიციები დათმეს. შესაბამისად, ის აზრი, რომ მაღალი მიზნის მისაღწევად
შემადგენლობის გაძლიერება იყო საჭირო, გუნდის ხელმძღვანელებს უფრო გაუმძაფრდა. შედეგიც
შესაბამისი მივიღეთ: შსს–მ ეროვნულ ნაკრებში იგორ კოკოშკოვის თანაშემწე,
სუპერლიგის მოქმედ მწვრთნელთა შორის ყველაზე ტიტულიანი სპეციალისტი, ბოლო 2
სეზონში „ბათუმში“ მომუშავე დავით უსტიაშვილი გადაიყვანა.

“ენერჯიში” თამაშისას წივწივაძე ტუჯანს პასებით უხვად ამარაგებდა

„ძალოვნები“ ამ სერიოზულ ტრანსფერზე
არ შეჩერებულან და მიმდინარე სუპერლიგის კიდევ 2 ძლიერი მოთამაშე
შეიმატეს – ბექა წივწივაძე და ჟოლივეტ ტუჯანი. ეს მოთამაეები თავიანთ პოზიციაზე
ერთ–ერთი საუკეთესონი არიან სუპერლიგაში და სწორედ ამ ტანდემის დიდი დამსახურებაა,
რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ პირველი წრე მეორე ადგილზე რომ დაასრულა. 

შსს–ს სწორედ ამ
პოზიციებზე სჭირდებოდა გაძლიერება. კარგი გამთამაშებელი და მეფარე „ძალოვანთა“
გუნდს ძალიან დააბალანსებს. მეორეს მხრივ, ამ ტრანსფერით რუსთავული გუნდი სუსტდება
და სუპერლიგას, სავარაუდოდ, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი გამოაკლდება.

თუკი შსს–ს ორი პოზიცია
ჰქონდა გასაძლიერებელი, პირველი წრის გამარჯვებულ „არმიას“ მხოლოდ უკანა ხაზის შევსება
მართებდა, რაც მოახერხა კიდეც. კოტე ტუღუში კარგი გამთამაშებელია, არც ახალგაზრდა
გივი ბაქრაძეა ურიგო, თუმცა ეს 2 კალათბურთელი რომ საკმარისი არ იყო, ეს ლევან
მოსეშვილმა კარგად იცოდა. ტუღუში უფრო მრავალმხრივი მოთამაშეა და მეტი სარგებლის
მოტანა შეუძლია მსროლელის პოზიციიდან, თუ, რა თქმა უნდა, საიმედო გამთამაშებელი
გაუმაგრებს ზურგს. არმიელებმა ზუსტად ისეთი მოთამაშე შეიმატეს, რომელიც
სჭირდებოდათ – „ქუთაისის“ გამოცდილი უკანახაზელი ბუბა ბერიშვილი. ეს კალათბურთელი „ქუთაისში“,
რომ იტყვიან, ბრწყინავდა. ისე გონივრულად ათამაშებდა ბურთს და ისე კარგად
თამაშობდა დაცვსა თუ შეტევაში, რომ ქუთაისელებმა მატჩების უმეტესობა სწორედ ბუბას
წყალობით მოიგეს. მისი გამოცდილება და მახვილგონიერება „არმიის“ უკანა ხაზს
ერთიორად  გააძლიერებს.

ბუბა ბერიშვილი და კოტე ტუღუში მეორე წრიდან თანაგუნდელები იქნებიან

თავდაცვის სამინისტროს
გუნდს თუკი უკანა ხაზში აკლდა ხალხი, ტანმაღალი მოთამაშეების სიჭარბეს განიცდიდა.
შესაბამისად, არმიელები შეელიენ მიხეილ ბერიშვილს, რომელიც დიდი გაქანების
მოთამაშეა, მაგრამ კონკურენციის გამო იმდენ ხანს ვერ იმყოფებოდა მოედანზე,
რამდენსაც იმსახურებდა. მიხეილ ბერიშვილი მეორე წრიდან თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებს, რაც ისედაც მებრძოლ და შეუპოვას თსუ–ს კიდევ უფრო
გააძლიერებს.

ამავე დროს, სუპერლიგის
ლეგიონერთა რიცხვი მცირდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ „სოხუმში“ აღარ ითამაშებს ლიტველი
პეტრას ბალოჩკა, რომელმაც საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდთან გააფორმა
კონტრაქტი. რაც შეეხება სოხუმელთა ერთ–ერთ ამერიკელ მაიკ მაქქერის, ის კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით სამშობლოში საშობაახალწლო არდადეგებზე  გაემგზავრა. 

რაც შეეხება „ბათუმში“
გამოთავისუფლებულ მთავარი მწვრთნელის პოსტს, მას, სავარაუდოდ, ადგილობრივი
კადრებით შეავსებენ. როგორც თავად ბათუმიდან წამოსულმა დავით უსტიაშვილმა
განაცხადა, გუნდს, სავარაუდოდ, მისი ერთ–ერთი ასისტენტი ჩაიბარებს  – გარი არინინი, ან ლაშა ოჩხიკიძე.