ტური ბათუმისა და ქუთაისის გამარჯვებებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა 

ბათუმმა მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩს უმასპინძლა. მე-11 ტურის პირველი შეხვედრა დღეს აჭარის დედაქალაქში გაიმართა, სადაც სათამაშოდ სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფი „შსს-აკადემია“ ჩავიდა და დრამატულ ორთაბრძოლაში – 83:84 დამარცხდა.
არადა, აკადემიელები მესამე მეოთხედის მესამე წუთზე 18 (!) ქულას იგებდნენ. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ბათუმელების შტურმი. მესამე მეოთხედში დარჩენილი ექვსნახევარი წუთი მასპინძლებმა 25:11 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.
ბათუმელთა წინამძღოლი ბიჯეი იანგი გახლდათ, რომელმა მასპინძლებს ჯერ დიდი ჩამორჩენა გააბათილებინა, შემდეგ კი კინაღამ წააგებინა. მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა მასპინძლები 2 ქულით აგებდნენ, ფარქვეშ შეჭრილ ბიჯეი იანგზე მიხეილ ბერიშვილი დაჯარიმდა. მასპიძელთა ამერიკელი ფორვარდი ჯარიმის შემდეგ უხერხულად დაეცა და მის წამოსაყენებლად მისულ ბერიშვილს იანგმა ხელი ჰკრა.
მსაჯების რეაქცია ადეკვატური იყო. იანგს დისკვალიფიკაცია მისცეს და ბათუმელები გადამწყვეტ მომენტში მთავარი ლიდერის გარეშე დარჩნენ. ამერიკელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ნიკა რამიშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 82:82, თუმცა იანგის დისკვალიფიკაციის გამო აკადემიელებს 1 საჯარიმო სროლა ერგოთ და ბექა ჩიკვილაძემ თბილისელები ქულით დააწინაურა.
ბურთი „შსს-აკადემიას“ დარჩა, თუმცა უმნიშვნელოვანესი შეტევა გიორგი ცინცაძემ გააცუდა და ქულით ჩამორჩენილი ბათუმელები უკანასკნელ შეტევაზე გადავიდნენ. საფინალო სირენამდე 18 წამი რჩებოდა, ბურთი ირაკლი მიქელაძეს ჰქონდა და როგორც სიტუაციას ეტყობოდა, ბოლომდე გათამაშებას აპირებდა. აკადემიელებიც თავს იცავდნენ და ელოდნენ მასპინძლების გადამწყვეტ შეტევას. მიქელაძემ დრიბლინგით მეტოქის პერიმეტრს უტრიალა და როცა დრო იწურებოდა და თითქოს მასპინძელთა გამთამაშებელსაც გასაქანი აღარ ჰქონდა, მიქელაძემ შესანიშნავი პასი მიაწოდა ფარქვეშ შესულ კრისტოფერ ფელჩერს, ამ უკანასკნელმა კი საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო -84:83.
გამარჯვებულთაგან ბომბარდირ იანგს 38 ქულა დაუგროვდა. 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა კრის ფელჩერმა, ხოლო ირაკლი მიქელაძემ ბათუმელებს 13 ქულა მიაშველა. „შსს-აკადემიაში“ 24 ქულით საუკეთესო შედეგი ბექა ჩიკვილაძემ დააფიქსირა, 14 ქულა და ამდენივე მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზეა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა აკადემიელებს 14 ქულა და 6 მოხსნა მიაშველა.
ტურის მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“ 94:82 დამარცხა „სოხუმი“. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. როგორც წესი, სოხუმელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ბოლო მეოთხედში გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყოთ.
გიორგი ჯგერენაიას, ირაკლი ჩლაიძის და მათ თანაგუნდელთა ძალისხმევით დიდი შესვენების შემდეგ 4 ქულით ჩამორჩენილმა სოხუმელებმა მესამე პერიოდი 26:21 მოიგეს და გადამწყვეტ 10-წუთეულს ერთქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. ბოლო პერიოდში მირზა სარალიას და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით ქუთაისელებმა მეტოქე საიმედოდ ჩამოიტოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. „სოხუმმა“ ბოლო პერიოდი 13 ქულით წააგო და მიმდინარე სეზონის მე-10 მარცხი განიცადა.
ქუთაისელთაგან საუკეთესო ზაურ ფაშაევმა 23 ქულა და 12 პასი მიითვალა. სლოვენიელმა მირზა სარალიამ 20 ქულა მოაგროვა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. სენეგალელ აბდულაი ნდოეს ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
მე-11 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 28 თებერვალს, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

 მატჩისშემდგომი კომენტარები
ბათუმი – შსს-აკადემია   84:83
დავით უსტიაშვილი(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული და ემოციური თამაში იყო. ბოლოს მაინც მოვახერხეთ დიდი ჩამორჩენის გაბათილება და სასიხარულო გამარჯვება მოვიპოვეთ. დიდი მადლობა მაყურებლებს, რომლებმაც მხურვალედ გვიქომაგეს. თამაშის ბოლოს მომხდარ ინციდენტზე ახლა ვერაფერს ვიტყვით. უნდა ვუყუროთ ვიდეოს და დასკვნებსაც შემდეგ გამოვიტანთ.
კოტე ტუღუში (შსს-აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): რასაც ვამბობდი, გამართლდა. თუკი ბოლომდე არ დაიხარჯები, ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია დაგამარცხოს. წინა ტურში გადავრჩით „სოხუმთან“ და დღეს ვერ გადავრჩით „ბათუმთან“. მასპინძლებმა იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩვენ კი დამსახურებულად დავისაჯეთ, რადგან როცა მესამე პერიოდში დიდი სხვაობით ვიგებდით, გუნდის წევრებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ მატჩი მოგებული იყო. ბათუმელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. რაც შეეხება ინციდენტს, მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. როცა მოთამაშე მიდის მოწინააღმდეგის მოსაბოდიშებლად და წამოსაყენებლად, იმას რომ ჩხუბს აუტეხავ, დისკვალიფიკაციას იმსახურებ. მაყურებელთა რეაქციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს ნორმალურია, ბათუმელები მხურვალედ ქომაგობდნენ თავიანთი ქალაქის გუნდს.
ქუთაისი – სოხუმი  94:82
მიხეილ კობეშავიძე
(„ქუთაისის“ მწვრთნელი): მიუხედავად გუნდში ტრავმიანობისა, ღმერთის წყალობით
გავიმარჯვეთ. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. დღევანდელ მატჩში ტრავმა
მიიღო მირზა სარალიამ, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ სერიოზული არაფერია.

 ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი):  საშინელი მსაჯობა იყო, ჯამში 36 ჯარიმა ისროლა მეტოქემ,
 ჩვენ კი –  17.  ჩვენი
ბიჭების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ,  განსაკუთრებით
გამოვარჩევდი დიმიტრი დვალიშვილისა და  გიორგი
ჯგერენაიას თამაშს.