ტური ლიდერების მარცხით დაიწყო

ტური ლიდერების მარცხით დაიწყო

 შედეგები
 გალერეასუპერლიგის მე-16 ტური ბათუმსა და ქუთაისში საინტერესოდ
დაიწყო. ორივე ქალაქში ძალიან დაძაბული მატჩები გაიმართა. მიუხედავად იმისა, სუპერლიგის
მიმდინარე სეზონის ლიდერი გუნდები საკუთარ კედლებში თამაშობდნენ, პირველზე მყოფმა
„ბათუმმაც“ წააგო და მეორეადგილოსანმა „ქუთაისმაც“.

სუპერლიგის ლიდერთან სათამაშოდ აჭარაში „მგზავრები“
ჩავიდნენ და გუნდური თამაშის წყალობით დაძაბულ ბრძოლაში – 74:71 გაიმარჯვეს. პირველ
ნახევარში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი „მგზავრები“ 21 ქულით – 39:18 იგებდნენ, რის
შემდეგაც ბათუმელები ვითარების გამოსწორებას ცდილობდნენ და დეფიციტი თამაშის დასრულებამდე
წუთნახევრით ადრე აღმოფხვრეს, როცა ლეონიდ სტეპანიშინის სამქულიანის შემდეგ ანგარიში
71:71 გახდა. გადამწყვეტ ეპიზოდში „მგზავრებმა“ მეტი მობილიზებით ითამაშეს და კახა
ჯინჭარაძისა და გიორგი ცირეკიძის საჯარიმოებით გამარჯვებამდე მივიდნენ.

„მგზავრებს“ ამერიკელმა უკანახაზელმა კაშიმ რენსომმა
ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა ავთო ლომინაშვილმა
მოაგროვა, ხოლო კახა ჯინჭარაძეს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 14 ქულა და 9 მოხსნა
მიითვალა. ბათუმელთაგან 20 ქულით ბომბარდირი ბესო ლეჟავა გახდა.

იმერეთში სუპერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „ქუთაისთან“
სათამაშოდ ჩავიდა ბოლო ადგილზე მყოფი „აკადემია“, რომელმაც, როგორც იქნა დაასრულა შემადგენლობის
ფორმირება. ქუთაისში აკადემიელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა კიდევ 2 ამერიკელს – კრის პელჩერს
და ჯეიარ სთროუბრიჯს. ორივე კალათბურთელმა რიგიანად ითამაშა, განსაკუთრებით კი სთროუბრიჯმა,
რომელმაც საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთით გამარჯვება მოუტანა „აკადემიას“
– 85:83.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. აკადემიელები პირველ
მეოთხედში 13 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ადგილობრივმა გუნდმა მალევე მოახერხა თამაშის
თანაბარ კალაპოტში დაბრუნება და ასე ქულა-ქულაში გაგრძელდა მატჩი ბოლო წამამდე. ლიდერი
18-ჯერ (!) შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 8-ჯერ დაფიქსირდა. მატჩის დასრულებამდე
9 წამით ადრე, როცა ანგარიში 83:83 იყო, ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს და შეტევისთვის
დარჩენილი 4 წამი დაგეგმეს. თბილისელთა კალათს რიჩარდ მათიაშვილმა არაზუსტად შეუტია
და ბურთი სთროულბრიჯმა მოხსნა, რომელსაც შესატევად 6 წამი ჰქონდა.  ამერიკელმა ლეგიონერმა დრიბლინგით გადასერა მთელი მოედანი და ქუთაისელთა კალათში გამარჯვების ბურთი საფინალო
სირენის თანხლებით ჩააგდო – 85:83.

აკადემიელთა ახალწვეულმა სთროუბრიჯმა შეხვედრა 20 ქულით
და 6 პასით დაასრულა, 19 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა, ხოლო ზემოთხსენებულმა ახალწვეულმა
პელჩერმა თავი 15 ქულას მოუყარა. აღსანიშნავია აკაკი ლომოურის 5 ცდიდან ჩაგდებული
4 სამქულიანი, რომელმაც აკადემიელებს მთლიანობაში 14 ქულა მიაშველა.

სუპერლიგის მე-16 ტური ხვალ, 6 თებერვალს, თბილისის
ახალ სპორტის სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩით დასრულდება. 
ბათუმი – მგზავრები  71:74 

ფოტო: მირიან ჩხეიძე
ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: „ძალიან რთული თამაში იყო, ბათუმი ნამდვილად არ არის სუსტი გუნდი და აქედან გამომდინარე. თავიდანვე დავიჭირეთ ტემპი და ვცდილობდით ბოლომდე შეგვენარჩუნებინა. არ მინდა იმ მიზეზებზე ვისაუბრო, რამაც თამაშის შეწყვეტა გამოიწვია. ვიგებდით 20 ქულას და ბუნებრივია შეფერხებამ ჩვენც შეგვაფერხა. პლიუს ამას, გვაკლდა 2 ლეგიონერი – რეჯი მერფი, რომელიც ტრამვირებულია და ტერი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. ჩემი გუნდის მადლობელი ვარ, რადგან კარგად შეასრულეს დავალება. მინდა მივულოცო მათ გამარჯვება.“ 
დავით უსტიაშვილი, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი: როგორც სუპერლიგის თითქმის ყველა თამაში, ესეც დაძბული გამოდგა. პირველ ტაიმში საშინლად გამოვიყურებოდით, რაც ოდესმე გვითამაშია ეს იყო ყველაზე ცუდად ნათამაშევი ტაიმი და ეს ანგარიშზეც აისახა. მე-2 ტაიმში გამოვცოცხლდით და ქულა-ქულაში მივყვებოდით, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 18 წამით ადრე შნსი ვერ გამოვიყენეთ. „მგზავრებმა“ კარგად ითამაშეს.“
ქუთაისი – აკადემია  83:85 
გელა წულაძე, „აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი: „დაძაბულთან ერთად სანახაობრივი თამაშიც გამოდგა. მოთამაშეებმა დავალება კარგად შეასრულეს. დღეს ორი ახალწვეული ლეგიონერიც გვყავდა და კარგია, რომ ასეთი დებუიტი ჰქონდათ. მე კმაყოფილი ვარ არამარტო მოგებით, არამედ გუნდის თამაშითაც.“ 
კოტე ტუღუში, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი: ძალიან სამწუხარო და დასანანი მარცხი განვიცადეთ. „აკადემიის“ თამაშის სტილი და ახალი მოთამაშეები სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენთვის მოედანზე. ბოლო წამებზე წავაგეთ, რადგან მოწინააღმდეგე გუნდი სრულიად სხვა სახით წარმოჩინდა დღეს. ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ.“