მე-5 ტური თბილისის სპორტის სასახლეში ,,შსს აკადემიასა” და ,,ოლიმპს” შორის შეხვედრით დასრულდება. თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა მივულოცო გია კაზანჯიანს სუპერლიგაში დაბრუნება, ეს ძალიან სასიხარულო და სასიამოვნოა. ,,ოლიმპი” თავისი მოთამაშეებით და მწვრთნელთა შტაბით საკმაოდ კარგი, ახალგაზრდული, ენერგიული და სახიფათო გუნდია. მათთან სათამაშოდ ძალიან სერიოზულად და მობილიზებით ვემზადებოდით, მითუმეტეს, რომ ჩვენი გუნდი არც ისე დიდი ხანია შეიკრიბა. ,,ოლიმპი” გამართულ თამაშს აჩვენებს დაცვაში და დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრ სურპიზს შემოგვთავაზებენ, ასე რომ, საინტერესო შეხვედრა გველის წინ.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): მადლობა კოტეს, ჩემთვისაც სასიამოვნოა 2 წლის პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში მის წინააღმდეგ ასპარეზობა. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება, საბედნიეროდ, არც ერთი მოთამაშე არ გვაკლია და შევეცდები 12-ვე მოთამაშე გამოვიყენო. ჩვენს გუნდს აქვს ეს პლიუსი, ხუთეულის მოთამაშეები დიდად არ განსხვავდებიან სათადარიგო სკამის კალათბურთელებისგან. ვნახოთ, რა გამოგვივა.