ვახტანგ ქადარიას 27 ქულა და “ვერას” მე-4 გამარჯვება სუპერლიგაში

ვახტანგ ქადარიას 27 ქულა და “ვერას” მე-4 გამარჯვება სუპერლიგაში

მე-8 ტური “კაკტუსისა” და “ვერას” მატჩით დასრულდა. ცხრილის შუაწელში მყოფი გუნდების მატჩი სწრაფ ტემპში წარიმართა და ვერელების გამარჯვებით – 81:72 დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია გაწყვიტა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ვერელებმა წარმატებას გუნდური თამაშის წყალობით მიაღწიეს და თავიდან აქტიური “კაკტუსი” მე-3 პერიოდში გატეხეს.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” შეხვედრა შედეგიანად დაიწყო და როგორც სწრაფი გარღვევეით, ისე შორი სროლებით მოპოვებული ქულების წყალობით პირველი პერიოდი 30:21 მოიგო. თამაშის მიმდინარე სცენარი ვერელებს კარგს არაფერს უქადდა და ამიტომ მეორე პერიოდიდან ირაკლი ხოშტარიამ ტაქტიკა შეცვალა. ფეხმარდ კაკტუსელებს სისწრაფეში არ აჰყვა და დაცვა გაამაგრა, რითაც მეტოქეს სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალება მოუსპო, ხოლო მჭიდრო, პერსონალური მეურვეობით კაკტუსის მოთამაშეებს სროლების ზუსტად შესრულების შანსი შეუმცირა.

შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე პერიოდი “ვერამ” 15:8 მოიგო, ხოლო როცა თამაშის ტემპი შენელდა, საქმეში ვერელთა მეფარეებიც ჩაერთნენ. ვახტანგ ქადარიამ და ვენდელ ლუისმა სამწამიან ზონაში კონტროლი დაამყარეს, მათი შეჩერება “კაკტუსის” წინახაზელებს არ შეეძლოთ და ეს მომენტი ხოშტარიას გუნდმა მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენა. პლუს ამას, პერიმეტრიდან პერიოდულად ვერელთა უკანახაზელებიც ზუსტად გაისროდნენ ხოლმე და მესამე პერიოდიც მათი დამაჯერებელი გამარჯვებით – 27:16 დასრულდა. 

შედეგად, ბოლო პერიოდის წინ ხოშტარიას გუნდის უპირატესობამ 9 ქულა შეადგინა და “კაკტუსს” მატჩის მოგების ამბიცია თუ ჰქონდა, თამაშში კარდინალური ცვლილებები უნდა შეეტანა. არჩილ ჟღენტის გუნდმა ეს ვერ მოახერხა. თამაში თანაბრად გაგრძელდა, “ვერა” მეტოქეს მიახლოვების შანსს არ აძლევდა და შეხვედრაც ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა.

საბოლოოდ “ვერამ” 9 ქულის სხვაობით იმარჯვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე 27 ქულისა და 10 მოხსნის მიმთვლელი ვახტანგ ქადარია გახდა. 17 ქულითა და 11 მოხსნით გამოირჩა ვერელთა მეორე მეფარე ვენდელ ლუისი. 15 ქულა ჩააგდო 18 წლის ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 10 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. “კაკტუსში” 23 ქულით საუკეთესო იყო ჯასტინ ევერეტი. 18 ქულა ბრაიან უილიამსმა, ხოლო 13 – მიხეილ ჭოჭუამ მოაგროვა. 

სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩები 6 და 7 დეკემბერს გაიმართება. 

კაკტუსი – ვერა
სტატისტიკა: 81:72