ვალერი ლომაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
აღნიშნული ტიტულის სპეციალური ჯილდო მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა
ირაკლი დოლაბერიძემ ახალ სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე-2 ტურის ცენტრალური შეხვედრის დაწყების წინ გადასცა.
ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს უზენაესი
საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის მფლობელი ვალერი ლომაძე მრავალი ინდივიდუალური
თუ გუნდური ჯილდოს მფლობელია.
იგი საბჭოთა
კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადის პრიზიორი და სტუდენტთა თამაშების სამგზის ჩემპიონია.
პროფესიონალური კარიერის განმავლობაში – საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თბილისის
დინამოს შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის პრიზიორი.
ევროპისა და აზიის 9 ქვეყნის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თბილისის დინამოს შემადგენლობაში
ორჯერ გახდა გამარჯვებული. 1961 წელს ბატონი ვალერი დაასახელეს საბჭოთა კავშირის
25 უძლიერეს კალათბურთელს შორის.
აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ვალერი ლომაძე სპორტს სხვადასხვა პოსტზე მუშაობით
ემსახურებოდა. იგი გახლდათ საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,
15 წლის განმავლობაში შედიოდა სპორტკომიტეტის კოლეგიაში, ხოლო 10 წელი თბილისის სპორტის
სასახლის დირექტორის პოსტი ეკავა. მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული მუშაკისა
და საბჭოთა კავშირის სპორტის წარჩინებული მუშაკის წოდება.
ვალერი ლომაძე ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
გამგეობის წევრი და ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის პრეზიდენტია.