ვერამ დინამოც დაამარცხა და სუპერლიგას თსუ-სთან ერთად ლიდერობს

ვერამ დინამოც დაამარცხა და სუპერლიგას თსუ-სთან ერთად ლიდერობს

სუპერლიგის მე-4 ტურში პირველი მარცხი იგემა მუია ტაჩის გაწვრთნილმა “დინამომ”. დინამოელები სუპერლიგის დებიუტანტმა “ვერამ” დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვა და თსუ-სთან ერთად გათამაშების ლიდერია. ირაკლი ხოშტარიამ, რომელიც გასულ წლებში “დინამოს” წვრთნიდა, თავის ყოფილ გუნდთან პრინციპული გამარჯვება მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა “ვერამ” გამართული და დალაგებული თამაშის წყალობით მეტად ღირებული მატჩი მოიგო – 74:69. 

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გარდმავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის პირველი პერიოდი დინამოელებმა 25:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის მუია ტაჩის გუნდი 3 ქულას იგებდა. გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომელიც ვერელებმა 16:13 მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს. ვერელებმა კონტროლი დაამყარეს მეტოქის სამწამიანში, რაც ვახტანგ ქადარიასა და ვენდელ ლუისის შედეგიანი თამაშის დამსახურება გახლდათ. ფარვეშ მეტოქის შეჩერების ფონზე ვერელებმა უპირატესობა პერიმეტრიდან შედეგიანი თამაშის ხარჯზე მოიპოვეს. ბექა ჩიკვილაძის და განსაკუთრებით გივი ბაქრაძის შორი და ზუსტი სროლებით ვერელებმა ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა არა ისეთი საიმედო, რომ ბოლო წუთებზე მშვიდად ყოფილიყვნენ.

თანაბარ ბრძოლაში, როცა ანგარიშში მცირედი სხვაობა იყო, გარდამტეხი გამოდგა ბექა ჩიკვილაძის ჩაჭრა, რომელიც ვერელების უკანახაზელმა მატჩის ბოლო წუთზე განახორციელა და ის ჯარიმით შეაჩერეს. ჩიკვილაძემ 1 საჯარიმო ჩააგდო და “ვერა” 72:69 დააწინაურა. მატჩის ბედი მაშინ გაირკვა, როცა დინამოელთა ახალგაზრდა ფორვარდს, ირაკლი კილაძეს ფარქვეშ მოპოვებული ბურთის შემდეგ 2 საჯარიმოს სროლის უფლება მიეცა და ორივე ააცილა. ვერელთა ამერიკელმა უკანახაზელმა, ბრენდონ სლაიმ გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და თავის გუნდს მოგება გაუნაღდა.

გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 17 ქულა მიითვალა ბექა ჩიკვილაძემ, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 16 ქულითა და 10 მოხსნით ტაილერ უილიამსი გამოირჩა, 16 ქულა და 5 მოხსნა სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე დაგროვდა.

ვერა – დინამო
სტატისტიკა: 74:69