სუპერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. მართალია, დაკარგული ქულებით ვერა, მაგრამ საერთო ოდენობით “ვერას” ყველაზე მეტი ქულა აქვს. 7 მოგებითა და 2 მარცხით დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ადგილზეა, რომელსაც 8 მატჩიდან 7 მოგებით კვალში “ქუთაისი” და თსუ უდგანან.
“ვერას” ქუთაისელთა შემდეგ მიმდინარე სეზონში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს. დღეს, მე-9 ტურის დასკვნით მატჩში ვერელები “დინამოს” დაუპირისპირდნენ და 101:92 (სტატისტიკა) იმარჯვეს. ეს გახლდათ მათი ზედიზედ მე-6 მოგება, რაც მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის სუპერლიგაში ბრწყინვალე შედეგია.
ვერელებს დინამოს დამარცხება მთლიანობაში არ გასჭირვებია. უბრალოდ, გასიტაშვილის გუნდს დრო დასჭირდა, სანამ მეტოქის თამაშს შესაბამის ტაქტიკას დაუპირისპირებდა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილმა დინამოელებმა პირველი პერიოდი 24:22 მოიგეს, მეორეში კი ლიდერობა ვერ განიმტკიცეს და დიდი შესვენებისთვის 3 ქულით ჩამორჩნენ.
მესამე პერიოდიდან ვერელთა უპირატესობა აშკარა გახდა. სწრაფი შეტევები, შორი სროლები და საიმედო დაცვა – ამ ყველაფერმა ის შედეგი მოიტანა, რომ “ვერა” მესამე პერიოდის მე-7 წუთზე 17 ქულით – 77:60 დაწინაურდა. ეს თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა დინამოელებმა გაიბრძოლეს და დარჩენილ დროში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს – 85:90 მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე. აქ კი ვერელებმა ისევ მოინდომეს – ბორის თორთლაძის 2 ორქულიანითა და ზაკ ელიასის გარღვევით უპირატესობა კვლავ 10 ქულამდე გაზარდეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.
გამარჯვებულებს 27 ქულითა და 12 მოხსნით ზაკ ელიასმა ულიდერა. 18 ქულა ობრი მაკალპინმა, ხოლო 16 – დარელ ბრაუნმა მიითვალა. დინამოელთაგან 26 ქულით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 23 ქულა დანტე ტომპსონმა მიითვალა.
“დინამოს” 8 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და ბოლო ადგილზეა, “ვერა” კი 9 მატჩიდან 7 მოგებით ცხრილის ლიდერია. შემდეგი ტურის მატჩები 4 ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში, 23, 24 და 25 დეკემბერს გაიმართება.